სამმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა როიტერსს განუცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზებასთან ერთად რუსეთს სისხლის მარაგიც აქვს.
აშშ-ის ცნობით, უკრაინის საზღვართან რუსეთს სისხლის მარაგი პოტენციური კონფლიქტის შემთხვევაში დაჭრილი სამხედროებისთვის აქვს მობილიზებული.
ოფიციალურმა პირებმა, ვის ანონიმურობაც დაცულია, როიტერსთან აღნიშნეს, რომ სისხლის მარაგის არსებობა იმაზე მიგვითითებს, რომ მოსკოვი მზადაა უკრაინაში შეჭრისთვის, თუ პუტინი ამას გადაწყვეტს.
მედიამ უკვე მიმართა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, თუმცა მას აღნიშნულის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ გუშინ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმა საბოლოოდ არ აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ მან ჯარები განათავსა, რათა სურვილის შემთხვევაში მოქმედების შესაძლებლობა ჰქონდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ არ გვჯერა რომ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ძალების გამოყენების საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მას ახლა ეს ნამდვილად შეუძლია. და მისთვის რამდენიმე სხვადასხვა გზაა ხელმისაწვდომი, მათ შორის ქალაქებისა და დიდი ტერიტორიების დაკავება, მაგრამ ასევე პროვოკაციული პოლიტიკურ ქმედებებიც, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ მარკ მილმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის ნაცვლად დიპლომატიური გზის არჩევისკენ მოუწოდეს.