logo
ENG



#SaveMisha - მსოფლიოს 10 ქვეყანაში 20 თებერვალს სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება

12 თებ 202301:58
3 წუთის საკითხავი
 
#SaveMisha - მსოფლიოს 10 ქვეყანაში 20 თებერვალს სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება

მსოფლიოს 10 ქვეყანაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, მორიგი გლობალური აქცია გაიმართება. აქციების გამართვის თარიღი 20 თებერვალია. ინფორმაციას რუსი უფლებადამცველი და წამყვანი მარკ ფეიგინი ავრცელებს.

ფეიგინი მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებს და სხვადასხვა ქალაქებში დაგეგმილი აქციების ლოკაციებს ასაჯაროებს. ის აგრეთვე ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებს მიმართავს მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად ჩაერთონ.

აქციები გაიმართება: ათენში, მადრიდში, ბერლინში, კიშინიოვში, სტოკჰოლმში, ვარშავაში, თელავივში, რიგაში, ვაშინგტონსა და პრაღაში.

***

6 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.

მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.

საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ყოველდღიურად გააპროტესტებენ. საპროტესტო ცენტრი იქნება თბილისში, თუმცა აქციები გაიმართება რეგიონებშიც.

11 თებერვალს CNN-მა კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები გაავრცელა. კადრებში გონების კარგვის რამდენიმე ეპიზოდი ჩანს. ვიდეოები CNN-ს სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მიაწოდა - ის ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა, რადგან უკვე არსებობს სერიოზული რისკი, რომ მკურნალობის შემთხვევაშიც კი ვეღარ მოხდეს მისი გამოჯანმრთელება.

10 თებერვალს პოლონეთმა საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანა შესთავაზა. პოლონეთის პრემიერის მატეუშ მორავიეცკის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას "სურს თავის ევროპულ მისწრაფებებზე დადებითი პასუხის იმედი ჰქონდეს, მან სერიოზულად უნდა მიიღოს ეს მიმართვა”.

10 თებერვალსვე სააკაშვილმა ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს მასთან კონსილიუმის გაგზავნა სთხოვა

ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაეწყო სწრაფი კახექსიის პროცესი. მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

კლინიკა ვივა მედში ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილის მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციაში მკურნალობის პარამეტრებს. 

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს. ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, "შესაძლოა, იმაზე უარესი ქრონიკული აგენტებით იყოს ინტოქსიკაცია, ვიდრე მძიმე მეტალებია".

სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.

პირველ თებერვალს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო. მან სასამართლოს სიტყვით ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა და თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალების მიცემაა".

 

 

 

 

 

 


close დახურვა