რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი ნავალნი გონს მოვიდა და საუბარი შეუძლია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel წერს.
Spiegel-სა და Bellingcat-ის ინფორმაციით, პოლიცია მკვლელობის მორიგ მცდელობებს არ გამორიცხავს, სწორედ ამიტომ ბერლინის სახელმწიფო კრიმინალურმა პოლიციამ რუსი ოპოზიციონერის დასაცავად უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.
ნავალნი გასულ თვეში მოწამლეს, ის კომაში იმყოფებოდა. გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. იმავე ქიმიური აგენტით მოწამლეს 2018 წელს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. მაშინ, ყოფილ ჯაშუშზე თავდასხმაში ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთი დაადანაშაულა.
კრემლი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით გერმანიასთან პირდაპირი დიალოგის ინიციატივით გამოდის, თუმცა რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის ფაქტზე გამოძიების დაწყებაზე ამ დრომდე უარს აცხადებს. 4 სექტემბერს კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბერლინის საავადმყოფოს ექიმებისგან განსხვავებით, ომსკის ჰოსპიტალის ექიმები, სადაც ნავალნი თავდაპირველად გადაიყვანეს, ბევრად გამჭვირვალედ მუშაობდნენ.