logo
ENG



Spiegel: ბერბოკის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში მეორე მცდელობის შემდეგ დაჯდა

24 მარ 202309:53
3 წუთის საკითხავი
 

გერმანული გამოცემა Spiegel-ი წერს, რომ სამთავრობო თვითმფრინავი, რომლითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი თბილისში ჩამოფრინდა, აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ დაჯდა.

როგორც Spiegel-ი იტყობინება, მიზეზი ის იყო, რომ ასაფრენ ბილიკზე სხვა თვითმფრინავი იყო, რომელიც სამთავრობო თვითმფრინავის დაჯდომას ხელს უშლიდა. გამოცემა წერს, რომ თავდაპირველად ჩანდა ისე თითქოს მინისტრის თვითმფრინავის შასი ბილიკს შეეხო, თუმცა პილოტმა მალევე მოუმატა სიჩქარეს და ისევ აფრინდა, ეს მანევრი კი ზემოხსენებული მიზეზით მოხდა.

მინისტრის Airbus A340-300 თბილისში ადგილობრივი დროით 23:00 საათზე უნდა ჩასულიყო. Spiegel-ი წერს, რომ თვითმფრინავი აეროპორტში დაახლოებით 23:20 საათზე დაჯდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში 2 დღის განმავლობაში იქნება. ის სამუშაო ვიზიტებს გამართავს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე შეხვედრები იგეგმება სხვა პოლიტიკოსებთან და სტუდენტებთან.


close დახურვა