logo
ENG



TDI პროკურატურას მიმართავს, ყოფილი შეიხი აქპეროვი დაზარალებულად სცნოს

24 მარ 202113:16
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/24/l4dbsdka3afqfm6.png

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი ვაგიფ აქპეროვი და ორგანიზაცია TDI პროკურატურას ისევ მიმართავენ და მოითხოვენ მის დაზარალებულად ცნობას. ასევე, მოითხოვენ აქპეროვის თანამდებობიდან იძულებით გადაყენების ფაქტის დაუყოვნებლივ, ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას. ამის შესახებ TDI-ის მიერ 24 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბაბრი. 

საქმე ეხება 21 მარტს ტელეკომპანია მთავარის გადაცემა Post-Factum-ში გასულ სიუჟეტს, სადაც სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი ყვება, რომ ვაგიფ აქპეროვის კომპიუტერზე ვირუსული ფაილი ფარულად ჩაიტვირთა შეიხის პირადი ცხოვრების მასალების მოსაპოვებლად. ტელეკომპანიის ცნობითვე ინტერვიუ ჩაწერილია 2019 წლის 24 ნოემბერს, რის შემდეგაც სუს-ის თანამშრომელი დააკავეს. 

ინტერვიუში გულაშვილი ყვება, რომ მან ეს ოპერატიული დავალება შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ყოფილი მაღალჩინოსნისგან, ნიკოლოზ შარაძისგან მიიღო, რომელიც ამჟამად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელია.  

TDI-ის ინფორმაციით, 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სახელმწიფომ მასზე ზეწოლა, ხოლო მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობაში უხეში ჩარევა დაიწყო.

"2013 წლის 27 დეკემბერს იგი დაიბარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში (ე.წ.მოდულის შენობა), სადაც, აქპეროვის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით და რეპუტაციის შელახვით დაემუქრნენ, მიანიშნებდნენ ოჯახის წევრებისთვის დაბრკოლებების შექმნის შესაძლებლობაზე. მისგან მოითხოვდნენ დაეწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება, შეეწყვიტა მეჩეთში სიარული და არ ჰქონოდა ურთიერთობა უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და მედიასთან. ზეწოლის შემდეგ, აქპეროვი იძულებული გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კარნახით, ე.წ. მოდულის შენობაშივე დაეწერა განცხადება შეიხის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ", - წერს ორგანიზაცია. 

მათივე განცხადებით, ვაგიფ აქპეროვი ამ დრომდე არ არის ცნობილი დაზარალებულად, არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ, ხოლო გამოძიება კვლავ უშედეგოდ გრძელდება.


close დახურვა