სხვადასხვა საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატები საერთო ფრაქციას ვეღარ შექმნიან, საპროკურორო საბჭოს წევრს ოპოზიცია მისი კვოტის შესავსებად დამოუკიდებლად ვეღარ დაამტკიცებს - ამ, და სხვა ცვლილებებს პარლამენტის რეგლამენტში, არასამთავრობო ორგანიზაციმ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ განცხადებით ეხმაურება. TI-ში განმარტავენ, რომ ცვლილებები ოპოზიციის უფლებრივ მდგომარეობას აუარესებს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სიახლეებს, როგორც კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ისე მისგან დამოუკიდებელ შინაარსობრივ ცვლილებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს ოპოზიციის უფლებებს საკანონმდებლო საქმიანობის პროცესში.
„უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში 1 ივნისს რეგლამენტში ცვლილებების პროექტი წარადგინეს. ანალიზი მოიცავს პროექტით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან სიახლეებს, რომლითაც უარესდება ოპოზიციის უფლებრივი მდგომარეობა, მათ შორის: სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული დეპუტატები საერთო ფრაქციას ვეღარ შექმნიან; პოლიტიკური დებატების დროს უმრავლესობის ფრაქციას გამოსვლის დრო ეზრდება, პატარა ფრაქციებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს კი უმცირდებათ; საპროკურორო საბჭოს წევრს ოპოზიცია მისი კვოტის შესავსებად დამოუკიდებლად, უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე ვეღარ დაამტკიცებს.
კანონპროექტის ინიციატორები განმარტებით ბარათში აღნიშნავენ, რომ „დღის წესრიგში დადგა საქართველოს კონსტიტუციის (ასამოქმედებელ) ძირითად დებულებებთან რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანის საკითხი. ამავდროულად, ახალი რეგლამენტის ამოქმედების კვალდაკვალ პრაქტიკამ გამოავლინა გარკვეული ხარვეზები, რაც აღმოფხვრას საჭიროებს”. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს სიახლეებს, როგორც კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ისე მისგან დამოუკიდებელ შინაარსობრივ ცვლილებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ამცირებს ოპოზიციის უფლებებს საკანონმდებლო საქმიანობის პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.