საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ შესწავლილ 2013-2020 წლების კახეთის 8 მუნიციპალიტეტის ტენდერებში მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებთან კავშირი გამოიკვეთა. TI-ის კვლევის თანახმად, ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემიდან 1 თვის შემდეგ, შპს თბილსერვის ჯგუფის ყოფილი დირექტორის, თორნიკე შიოლაშვილის, დაფუძნებულმა კომპანიამ 72 მილიონი ლარის ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო 2014-2020 წლებში.
TI-იმ შეისწავლა ის ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები, რომლებშიც გამოიკვეთა სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკის საერთო დამახასიათებელი ნიშნები. როგორც საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოში აცხადებენ, ხშირია შემთხვევა, როდესაც მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ისეთი კომპანიები იმარჯვებენ, რომლებსაც მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება არ გააჩნიათ.
"ხშირია ახალდაფუძნებული და გამოუცდელი კომპანიების მიერ მოგებული უკონკურენტო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების შემთხვევები, რომელთა ღირებულება მრავალჯერ აღემატება კანონით დადგენილ 5000-ლარიან ზღვარს, რომლის მიღმაც, რეკომენდებულია, შემსყიდველმა გამოაცხადოს ელექტრონული ტენდერი, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი იკვეთება მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან კავშირი და კორუფციული გარიგებების ნიშნები", - ნათქვამია კვლევაში.
როგორც TI-ში აცხადებენ, რომ კვლევამ გამოკვეთა, რომ კახეთის მუნიციპალიტეტებში არაერთი ყოფილი თანამდებობის პირი თანამდებობის დატოვებიდან მალევე აფუძნებს კომპანიას და იწყებს ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების მიღებას იმავე მუნიციპალიტეტში, სადაც თანამდებობას იკავებდა.
კვლევის თანახმად, ჯამში, 17 კომპანიისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში გამოიკვეთა პირდაპირი ან ირიბი კავშირი მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებთან. TI-ში აცხადებენ, რომ 52-დან 32-მა შპს-მ გამარტივებული შესყიდვებისა და უკონკურენტო ტენდერების მიღება დაფუძნებიდან მალევე დაიწყო, ზოგ შემთხვევაში კი - რამდენიმე დღეში. რიგ შემთხვევებში, ტენდერში დაბალი ფასის შეთავაზებით გამარჯვებულ კომპანიებს შესყიდვის ღირებულება ხელშეკრულების დადების შემდგომ ეზრდებათ.
TI-ში აცხადებენ, რომ კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო 8 წლის განმავლობაში განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი კორუფციის სისტემურ პრობლემის არსებობასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო საზოგადოება გამჭვირვალობაში აცხადებენ, რომ ხშირ შემთხვევაში, ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებს იღებენ მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული იურიდიული და ფიზიკური პირები. ასევე, კომპანიები, რომლებსაც შესყიდვის მიღებამდე მსგავსი სამუშაოს განხორციელების გამოცდილება არ გააჩნდათ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ კვლევაში მოყვანილი ფაქტები, სადაც იკვეთება სავარაუდო კორუფციისა და კომპანიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის პირდაპირი ნიშნები.
გარდა ამისა, TI მოუწოდებს მუნიციპალიტეტებს, იხელმძღვანელონ სახელმწიფო შესყიდვების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, დახვეწონ შესყიდვების მეთოდები, თითოეული შესყიდვის პროცესში გაითვალისწინონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები და გაასაჯაროონ ინფორმაცია ტენდერისა და გამარტივებული შესყიდვის პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორების შესახებ.
ამასთან ა/ო-ში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, თითოეულ გამარტივებულ შესყიდვას თან ახლდეს ბაზრის კვლევის შედეგები, საჭიროა, შემსყიდველმა უფრო ცხადად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც არჩევს კონკრეტულ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს.