საქართველოს უნივერსიტეტის განცხადებით, მკვეთრად ემიჯნებიან საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივ განცხადებას. მათი თქმით, მიუღებელია სტუდენტების გაფიცვისთვის დამუნათება!
მათი განცხადებით, სანამ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები საფრთხეებს ხედავენ, უფლება აქვთ და ვალდებულნიც არიან, გვერდზე გადადონ ყველაფერი და დადგნენ სამშობლოს ინტერესების სადარაჯოზე!
განცხადება:
"მიუღებელია პროფესორ-მასწავლებლების დამუნათება იმისთვის, რომ ისინი ამ პროტესტში უერთდებიან თავიანთ სტუდენტებს!
წარმოუდგენელია პოლიტიკური პროცესებიდან საუნივერსიტეტო საზოგადოების სრული იზოლაცია, რადგან ის წარმოადგენს ერის ყველაზე ინტელექტუალურ და პროგრესულ ნაწილს, რომელსაც უმთავრესი როლი აკისრია ქვეყნის ისტორიაში, საზოგადოების პროგრესის უზრუნველყოფაში, სახელმწიფო ვექტორის განსაზღვრასა ეროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებაში.
ხოლო საზოგადოების ყველაზე ინტელექტუალური და პროგრესული ნაწილის პოლიტიკური პროცესებიდან იზოლაციის ფასი, როგორც პლატონმა თქვა, ქვეყნის მართვის სადავეების უღირსი და სულელი ადამიანების ხელში მოქცევაა.
საქართველოსთვის უნივერსიტეტის იდეის როლი და მნიშვნელობა ყველაზე ზუსტად სწორედ პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელმა და რექტორმა, დიდმა ივანე ჯავახიშვილმა განსაზღვრა, როდესაც სტუდენტებისადმი მიმართვისას ბრძანა: „…ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო…”
ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელთა სასახელოდ, ამ დაკისრებული ვალდებულებისთვის ქართულ საუნივერსიტეტო საზოგადოებას დღემდე არ უღალატნია და ვიმედოვნებ, არც უღალატებს.
1978 წლის „დედა ენის” მოვლენებისა თუ 1980-იანი წლების ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის სათავეებთან სწორედ უნივერსიტეტები, სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები იდგნენ.
ხელისუფლების ბოლო ხნის ქმედებები სტუდენტების მიერ აღიქმება, როგორც დასავლური კურსიდან გადახვევა და „რუსულ სამყაროსთან” გაერთიანება. მათ ამ მოსაზრებას ამყარებს როგორც ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების, ისე პუტინის რეჟიმის პროპაგანდისტების შეფასებები.
დასავლურ განვითარებაზე უარის თქმა და „რუსულ სამყაროში” გაერთიანება ნიშნავს საქართველოს დემოკრატიული და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის, ადამიანური განვითარების შეჩერებას, ჩვენ ჩათრევას კრიმინალურ, კორუფციულ, უმეცრების მორევში, რაც თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაკარგვას გვიქადის.
საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დაერწმუნებინა ვერც საკუთარი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ვერც საერთაშორისო პარტნიორები, რომ მათი ქმედებები არ შეიცავს ეგზისტენციალურ საფრთხეებს. მანამდე კი, სანამ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ამგვარ საფრთხეებს ხედავენ, დიახაც, უფლება აქვთ და ვალდებულნიც არიან, გვერდზე გადადონ ყველაფერი და დადგნენ სამშობლოს ინტერესების სადარაჯოზე!"
დღეს, 14 აპრილს საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორმა, მათ შორის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელა. უნივერსიტეტების განცხადებით, მიუღებელია, რომ ზოგიერთი ლექტორი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს, ლექციების ჩატარებაზე.