logo
ENG



UN: ისრაელმა 24 საათის განმავლობაში ღაზის ჩრდილოეთიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოითხოვა

13 ოქტ 202310:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/13/mckz3lwyyblhklg.png

ისრაელმა 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორის ჩრდილოეთიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია მოითხოვა. ინფორმაციას გაეროს სპიკერი სტეფან დუჟარიკი ავრცელებს.

ისრაელის შეიარაღებული ძალების მოთხოვნით, მოსახლეობა სამხრეთ ღაზაში უნდა გადავიდეს.

დუჟარიკის თქმით, ამ ტიპის მიგრაცია ერთ მილიონზე მეტს ადამიანს მოიცავს და ეს "დამანგრეველ ჰუმანიტარულ შედეგებს"გამოიწვევს. ამასთან, გაერომ ისრაელს მოუწოდა ბრძანების გაუქმებისკენ.

ისრაელის მიმართვა ასევე ეხება გაეროს ყველა პერსონალს და გაეროს დაწესებულებებში თავშეფარებულებს - მათ შორის სკოლებს, ჯანმრთელობის ცენტრებსა და კლინიკებს.

პარასკევს შუადღისას გაეროს უშიშროების საბჭო დახურული კონსულტაციების ფორმატში საგანგებო სხდომას გამართავს. საბჭოს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის შესახებ, რადგან განცხადება მოითხოვს 15-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობას, რომელთა შორის ერთობლივი განცხადების ტექსტზე განხეთქილება იყო.

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

სარაკეტო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ. მათ ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობე რამდენიმე ადგილას დააზიანეს დაა ისრაელის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და სასაზღვრო გზებით მოხვდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ჰამასელი ტერორისტები დასახლებებში ხალხს ესროდნენ, აჰყავდათ მძევლები და ღაზაში მიჰყავდათ. სოციალურ ქსელებში ქუჩაში ბრძოლებისა და მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის არაერთი კადრი გავრცელდა. 

ტერორისტული დაჯგუფება მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. ამასთან, დაჯგუფების მაღალჩინოსანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰამასმა "თავის მიზნებს მიაღწია" და "ისრაელთან შესაძლო ზავის განხილვისთვის ღიაა". 

ბოლო მონაცემებით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 1400-ს აღწევს.


close დახურვა