UNIAN წერს, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა.
ადგილობრივი ჟურნალისტის კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა წინააღმდეგობის მოძრაობის აქტივისტებმა დაამაგრეს.
"დიდება უკრაინას. ფოტო ახლა."- წერს რიჟენკო.
9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.
ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონი, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის რეგიონებთან ერთად, 30 სექტემბერს ანექსირებულად გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, რუსეთს ამ ტერიტორიაზე წარმატებისთვის არ მიუღწევია - ბოლო თვეებია ხერსონში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა აქტიურად მიმდინარეობდა, რის გამოც რუსეთმა ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროსა და რუსეთში ევაკუაცია დაიწყო.
რუსეთი აცხადებდა, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის ჯარმა რეგიონზე კონტრშეტევა დაიწყო, რითაც, მათი თქმით, მოსახლეობას საფრთხე შეექმნა.