გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით კორონავირუსზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები ტარდება.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა დღეს ახალციხის სკოლების მასწავლებლებთან შედგა. შედეგად, 60-მდე მასწავლებელი აიცრა.
საინფორმაციო შეხვედრებს უძღვებოდნენ ცნობილი ექიმები და ეპიდემიოლოგები: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი; სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ყიფიანი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.
საქართველოში კორონავირუსს 6230 ადამიანი ემსხვერპლა. მხოლოდ ბოლო 24 საათში 48 ადამიანი გარდაიცვალა. აცრა იცავს სიკვდილისგან. საქართველოში ამ ეტაპზე რამდენიმე დასახელების ვაქცინაა ხელმისაწვდომი.
სრულად აცრილი 106 084 ადამიანიდან კორონავირუსით მხოლოდ 207 ადამიანი დაინფიცირდა, ანუ 0.19%.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა.
207 ინფიცირებულ პირთაგან მხოლოდ 8-ს (4%) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.
სრულად აცრილთა შორის არავინ გარდაცვლილა.