logo
ENG



WHO ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რომ პანდემიის გამო გამკაცრებული ზომები არ შეამსუბუქონ

08 აპრ 202020:45
3 წუთის საკითხავი
clock 405

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს პანდემიის გამო გამკაცრებულ ზომებს ნუ შეამსუბუქებენ. ავსტრიის შემდეგ საკარანტინო წესების ნაწილობრივი გაუქმება დანიამ და ნორვეგიამ გადაწყვიტეს. მათგან განსხვავებით დაინფიცირების შემთხვევები კვლავ იზრდება ესპანეთსა და შეერთებულ შტატებში, სადაც ერთ დღეში 1800 ადამიანი დაიღუპა. დონალდ ტრამპი ჯანმოს ჩინეთის მიმართ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს და დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება. თავად ჩინეთში კი პანდემიის წყაროდ მიჩნეულ უხანში 11 კვირიანი კარანტინი მოიხსნა. 

უხანში 76 დღიანი კარანტინი გაუქმდა. მოსახლეობას თითქმის 11 კვირიანი პაუზის შემდეგ პირველად მიეცა ქალაქის დატოვების უფლება. მაგისტრალებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა, განახლდა სარკინიგზო მიმოსვლაც და ავიარეისებიც. უხანელებს დღეიდან ჩინეთის სხვა რეგიონებში გამგზავრება შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ. 

 

 

პანდემიის მიუხედავად საკარანტინო ზომების ნაწილობრივი შემსუბუქება ავსტრიის შემდეგ დანიამ და ნორვეგიამაც გადაწყვიტეს. აპრილის შუა რიცხვებიდან ორივე ქვეყანაში მუშაობას საბავშვო ბაღები და სკოლები განაახლებენ. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, რომ შეზღუდვების გაუქმებაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია. რადგან კორონავირუსთან ბრძოლა ჯერ გაორმაგებულ ძალებს საჭიროებს. 

ერთკვირიანი ვარდნის შემდეგ კოვიდ 19 ით გარდაცვლილთა მაჩვენებელი ესპანეთში დღესაც მაღალი იყო. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით დაავადებამ ბოლო 24 საათში 757 ადამიანი იმსხვერპლა. 22 700-ს აჭარბებს დაინფიცირების შემთხვევები შვეიცარიაში, აქედან 705 გარდაიცვალა. ბელგიაში კი მსხვერპლი 2 220-მდე გაიზარდა. ევროპარლამენტი შენობის ნაწილს უსახლკაროებს უთმობს. 

დიდ ბრიტანეთში საკარანტინო ზომების შემსუბუქების საკითხი არც განიხილება. ქვეყანაში კოვიდ 19 ის შემთხვევების რიცხვი 55 ათასს აჭარბებს. ლონდონის კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მესამე დღეა იმყოფება ბორის ჯონსონი. მისი მოადგილე დომინიკ რააბი აცხადებს, რომ მკურნალობის პროცესი შედეგიანია და პრემიერის მდგომარეობა უმჯობესდება.  

შეერთებულ შტატებში კი ერთ დღეში კორონავირუსმა 1800 ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ნიუ-იორკშია, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში დაავადების შედეგად 731 ადამიანი დაიღუპა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პანდემია პიკს უახლოვდება და ამ ფონზე დღეს მისი კრიტიკის სამიზნე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა, რომელსაც დაფინანსების შეჩერებით ემუქრება

პანდემიის გამო აკრძალვების ფონზე უწევთ აღდგომისა და პასექის დღესასწაულების აღნიშვნა ევროპასა და ისრაელში, სადაც დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით კომენდანტის საათი შემოიღეს. პოლონეთში კი აღდგომის დღესასწაულის წინ ვირუსის გამო დროებით საეკლესიო წესის შეცვლა მოუხდათ და ტაძრის ნაცვლად მორწმუნეები აღსარებებს მოძღვრებს დისტანციურად, მანქანებიდან აბარებენ.


close დახურვა