სწრაფი ტესტირება სიმტპომური პაციენტების გარდა, რომლებიც საეჭვო შემთხვევის განმარტებას აკმაყოფილებენ, იმ პირებსაც ჩაუტარდებათ, ვისაც მოგზაურობის ისტორია არ აქვს და კლინიკებს ან ჰოსპიტალს ცხელების სიმპტომებით მიმართავს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ახალ ალგორითმზე ისაუბრა, რაც სხვადასხვა პაციენტების კატეგორიას და იმ მეთოდებს უკავშირდება, რომლითაც მათთან ტესტირება უნდა ჩატარდეს.
„მინდა მოგახსენოთ ტესტირების ახალ ალგორითმზე, რომელიც შეეხება სხვადასხვა კატეგორიას პაციენტებისა, ვისაც სჭირდება ტესტირება. ალგორითმი განსაზღვრავს როგორც ჯგუფებს ტესტირებისთვის, ასევე იმ მეთოდებს, რა მეთოდით უნდა ჩატარდეს ტესტირება ამ ჯგუფში. ოქროს სტანდარტი კვლავ რჩება pcr ტესტირება, მაგრამ ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული სწრაფი ტესტების ადგილი. ალგორითმში განსაზღვრულია სქემები პაციენტთა სამი კატეოგრიისთვის. ეს გახლავთ კვლავ სიმტპომური პაციენტები, რომელიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმარტებას, უკავშირდებიან მოგზაურობის ანამნეზს და გამოხატული აქვთ კლინიკური სიმტპომები და ნიშნები რაც შესაძლოა, იყოს კორონავირუსის მაჩვენებელი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ტესტირების შესაძლებლობა შევქმნათ იმ პირებისთვისაც, ვისაც არ ჰქონია მოგზაურობის ანამნეზი და ამდენად, ალგორითმი ითვალისწინებს იმ პაციენტების, რომლებიც ამბულატორიულ კლინიკებს ან ჰოსპიტალს მიმართავენ ცხელების სიმპტომებით. ჩვენ უკვე გვაქვს მზაობა იმისთვის, რომ ე.წ. ცხელების კლინიკებში, სადაც ცხელებიანი პაციენტის მართვისთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური ზონა, ინფექციის კონტროლის პრინციპების დაცვით, მოხდეს პაციენტის დაყოვნება 24 საათის განმავლობაში და შემდეგ კორონავირუსზე უარყოფითი ან დადებითი პასუხის მიხედვით, პაციენტის მართვა. ასევე ალგორითმი გამოყოფს ტესტირების პრინციპებს და მიდგომებს, იმ ჯგუფებისთვის, რომელიც ითვლება, რომ არის მაღალი რისკის მქონე. ამას მიეკუთვნება კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს მაღალი რისკის კლინიკებში და ასევე ორგანიზაციულ დაწესებულებებში მყოფი პირები.
"ამ ალგორითმის მიხედვით, უმოკლეს ვადაში დაიწყება ტესტირება სამივე მეთოდის გამოყენებით, როგრც pcr-ის, ასევე ანტიგენების დაჩქარებული ტესტი და ასევე ანტისხეულების ტესტი. ჩვენ უკვე საწყისი რაოდენობა სამივე ამ ტესტის ქვეყანაში გვაქვს და საიტებიც შერჩეული იმისთვის, თუ საიდან დაიწყება ეს ტესტირება განახლებული ალგორითმის შესაბამისად“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.