"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქართველი დიპლომატის გამოწვევას ნეგატიურად აფასებს.
კახიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს იმიჯზე ნეგატიურად ისახება. გარდა ამისა, დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს არ აქვს უფლება პარტნიორ ქვეყანას მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელი შეუშალოს.
"უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების ფონზე კიდევ უფრო აბსურდული და სამარცხვინო წარმოჩინდა "ქართული ოცნების" ისტერიკა, ამ დანიშვნასთან დაკავშირებით. ზოგადად არც ერთი აქაური პარტიის საქმე არ არის ვის დანიშნავს და რა თანამდებობაზე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო - უკრაინა. მინდა ჩვენ მეგობარ ქვეყანას ვუსურვო წარმატება, როგორც რეფორმების გზაზე ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ხოლო "ქართულ ოცნებას" მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ნუ დააყენებს პოლიტიკური ოპონენტისადმი ბოღმას", - განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტს თავიდან სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სურდა, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
გარდა ამისა, დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.