logo
ENG



საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გახანგრძლივება იგეგმება

06 ივლ 202019:43
3 წუთის საკითხავი
clock 1744

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გახანგრძლივება იგეგმება - მმართველი პარტია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების 2021 წლის პირველ იანვრამდე შენარჩუნებას ითხოვს.

გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტში მხოლოდ მოქმედების ვადის ცვლილება იგეგმება, მოსმენა მიმდინარე კვირაში ჩაინიშნება და შესწორებები ერთი მოსმენით დამტკიცდება.

„ქართული ოცნების“ პოლიტ. საბჭოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თვლის, რომ არჩევნების ეფექტიანად და დემოკრატიულად ჩასატარებლად რეგულაციების შენარჩუნებაა საჭირო.

„როცა საუბარია, რომ თუ იქნა მეორე ტალღა - აქ დგება მესამე ინტერესის დაცვის საკითხი. ჩვენ არჩევნები უნდა ჩავატაროთ დათქმულ დროს. ეს არის არანაკლებ მნიშვნელოვანი. იყო სპეკულაციები, მაგრამ არავინ არ აპირებს ამას. არ უნდა დაგვჭირდეს პატარა პრობლემის გამო სექტემბერში ან ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. უნდა გვქონდეს საშუალება, რომ საკანონმდებლო რეგულაციებმა მისცეს მენეჯმენტს უფლება, მართოს ეფექტიანად. 

მიმაჩნია, რომ ამ საკითხში უკან არ უნდა დავიხიოთ და არჩევნების კონტექსტში უპრიანი იქნება ვადის გადაწევა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები 2020 წლის მაისში, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მიიღეს და მისი მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისამდე პერიოდი განისაზღვრა.

კანონპროექტში, რომლის ავტორიც „ქართული ოცნების“ 6 დეპუტატია, წერია, რომ მოქალაქეებს  გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებებს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეუზღუდავს.

კანონის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა: არასამთავრობო ორგანიზაცია ორი მუხლის - გადაადგილებისა და შრომის თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებს.


close დახურვა