აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 295 ხმით 125 ის წინააღმდეგ შესწორება შეიტანა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) H.R. 6395), რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების და საარჩევნო რეფორმის განხორციელების მონიტორინგს ითვალისწინებს.
კონგრესის დავალებით, სახელმწიფო მდივანმა შესაბამის კომიტეტებს უნდა მოახსენოს, დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტურ ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის განსახორციელებლად, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მედიის თავისუფლების ხელშესაწყობად და პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დასაცავად.
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოს მიმართ მსგავსი ჩანაწერი ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი ურთიერთობის განმავლობაში პირველად გაჩნდა.
"შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ღირებულებების მუდმივ განვითარებას, საარჩევნო სისტემის რეფორმისკენ მიმავალ გზას, კორუფციასთან ბრძოლის ვალდებულებას და მცდელობას, უზრუნველყოს, რომ საქართველოს კერძო სექტორში დაცული იყოს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მათი დაცვა...
არა უგვიანეს 180 დღისა, აშშ სახელმწიფო მდივანმა კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგინოს მოხსენება, რომელიც შეიცავს:
1. ანალიზს იმის შესახებ, დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტურ ნაბიჯებს, რათა გაამყაროს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები
2. ანალიზს:
ა) ეფექტურად ახორციელებს თუ არა საქართველოს მთავრობა საარჩევნო რეფორმას
ბ) პატივს სცემს თუ არა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მათ შორის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს ჩარევისაგან
გ) ეფექტურად დგამს თუ არა აუცილებელ ნაბიჯებს, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭირვალობა, მათ შორის საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა.
დ) სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებების დაცვის და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა; და
ე) ნებისმიერი სხვა შესაბამისი საკითხი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი ჩათვლის საჭიროდ", - ვკითხულობთ კანონპროექტში.
ბოლო წლის განმავლობაში აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო დოკუმენტებში უკვე არაერთგან ვხვდებით საქართველოს მიმართ საზედამხედველო ფუნქციების ამოქმედების შესახებ ჩანაწერებს. კონგრესმენები უფრო და უფრო ხშირად ითხოვენ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სახელმწიფო მდივნის მოხსენებებს.
2020 წლის 25 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის შეჩერებას ითვალისწინებს.
საქმე ეხება კანონპროექტის ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის გათვალისწინებული 135 მლნ დოლარის 15%-ის გაცემა შესაძლოა შეჩერდეს მანამ, სანამ ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, კორუფციასთან ბრძოლისთვის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში აშშ-მა შესაძლოა საქართველოს დახმარებიდან 20 253 750$ გაყინოს და აღარ გასცეს.