logo
ENG



შსს: წარწერა "ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ" ბაჩალიაშვილის მიერაა შესრულებული

06 აგვ 202015:51
3 წუთის საკითხავი
 
uxgvdpjabmokbyy.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკანასკნელ ორ დღეში მეორე განცხადებას ავრცელებს. უწყების მტკიცებით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ფურცელი წარწერით - "ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ" - ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის და წარწერაც მის მიერ არის შესრულებული. 

შსს-ს ცნობით, ბაჩალიაშვილის ანაბარზე 75 000 ლარი ირიცხებოდა. 

განცხადება ბაჩალიაშვილის ოჯახისა და გენერალური პროკურორის შეხვედრის პარალელურად გავრცელდა.

მასში ასევე წერია, რომ გარდაცვლილის ავტომანქანა დაკეტილი იყო, გასაღები შიგნით, უკანა სავარძელზე იყო მოთავსებული და ის სათადარიგო გასაღებით გააღეს, რომელიც ოჯახს ჰქონდა.

"ფორმულა" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: 'ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ' - შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება", - აღნიშნულია განცხადებაში. 

გარდაცვლილის მანქანაში აღმოჩენილი პატარა ფურცლებისა და ჩანაწერების შესახებ ავტომობილის პოვნის დღესვე გახდა ცნობილი. ოჯახის ადვოკატი მაშინ ამბობდა, რომ ეს წარწერები "არ იყო დატოვებული ანდერძივით, თითქოს თავის მოკვლას აპირებდა".

ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა, დღეს, 6 აგვისტოს  შიმშილობა დაიწყო. ის ითხოვს, რომ შვილის გარდაცვალების გამოძიებაში აშშ-ის ფედერალური ბიურო ჩაერთოს. ამ მიზნით ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები 4 აგვისტოს აშშ-ის საელჩოსთანაც შეიკრიბნენ. 

5 აგვისტოს შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბაჩალიაშვილი ინტერნეტში თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციას ეძებდა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა