logo
ENG



სესიაშვილი: სამწუხაროდ, ჩვენმა მხარდამჭერებმა თავი ვერ შეიკავეს, პროვოკაციას წამოეგნენ

30 სექ 202014:13
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მარნეულში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერები ოპონენტების პროვოკაციას წამოეგნენ.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, გამოძიება დაწყებულია და დამნაშავე პირები პასუხს აგებენ.

"სამწუხაროდ, გუშინ ჩვენმა მხარდამჭერებმა თავი ვერ შეიკავეს და ამ პროვოკაციას წამოეგნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ არაერთხელ მოვუწოდეთ და ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ, მაგრამ აქვს ყველაფერს საზღვარი. სამწუხაროა, რომ ეს მოხდა. ცხადია, გამოძიება მიმდინარეობს და ყველას პასუხი მოეთხოვება. განსაკუთრებით ვსაუბრობ ინციდენტზე, რომელიც მართლაც შემზარავი იყო იმ ნაწილში, რომ ადამიანი უმოწყალოდ სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს და მიატოვეს. ყველა ფაქტი არის შემზარავი და მიუღებელი", - განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, ძალადობა არა მმართველი გუნდის, არამედ ოპოზიციის ინტერესებშია.

"ძალადობა არ შედის სახელმწიფოს და ხელისუფლების ინტერესში. ჩვენი ინტერესია მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე და ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლად, მშვიდ გარემოში არჩევანის გაკეთების საშუალება, ხოლო ჩვენს ოპონენტებს, ფაქტიც მეტყველებს და მათი მოწოდებებიც, რომ არ აწყობთ ასეთი გარემო. მშვიდობიან გარემოში მათ არ აქვთ შანსი, რომ რაიმე პოლიტიკურ შედეგებს მიაღწიონ, ამიტომ ცდილობენ ხალხი დაძაბონ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. 

თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემეს და თავი გაუტეხეს. ის თბილისის ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. ჟურნალისტმა კლინიკა უკვე დატოვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც თავს დაესხნენ, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გარდა ამისა, მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს.

მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

ამასთან, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.

ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.

ხელისუფლებას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) განაცხადეს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მით უფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. მათივე შეფასებით, საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათი საქმიანობის გამო დაესხნენ.


close დახურვა