РИА Новости-ს ინფორმაციით, რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს.
გამოცემას წყარო უყვება, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის ოფიციალური პირების ევაკუაციის შემდეგ მოსკოვმაც გადაწყვიტა იმავენაირად იმოქმედოს.
ინფორმაციის მიმწოდებელი ასევე იხსენებს, რომ ამ სცენარის განვითარების შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ თავად ლავროვმაც ისაუბრა.
ტრასსა და ლავროვს შორის შეხვედრა 10 თებერვალს გაიმართა. მის შემდეგ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვი აკვირდება დასავლეთის ქვეყნების მოქმედებებს და შესაძლოა, ასევე ურჩიოს უკრაინაში მყოფ რუსული დიპლომატიური ინსტიტუტების პერსონალის ნაწილს, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ლავროვმა განაცხადა რომ ამ სცენარზე მუშაობა დაიწყო, კიევში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ ნაწილობრივი ევაკუაციის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა და საელჩო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
აღსანიშნავია, რომ 11 თებერვალს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის სრულად მზად არის და უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდეს, ქვეყანა 48 საათში დატოვონ.
აშშ-ის შშ–ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს, მომდევნო კვირაში ან ორ დღეში დაიწყოს, როცა ვლადიმერ პუტინი შესაბამის ბრძანებას გასცემს.
თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იაპონია, ლატვია და სამხრეთ კორეაც.
აშშ-მ ჯერ კიდევ იანვარში კიევში საელჩოს ამერიკელ თანამშრომლებს რუსეთის სამხედრო ქმედებების საფრთხის გამო უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა, რასაც უკრაინის ხელისუფლებისგან კრიტიკა მოჰყვა.
თებრვლის დასაწყისში კი სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელარუსში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა და მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ბელარუსი-უკრაინის საზღვართან რუსეთის უჩვეულო და შემაშფოთებელი სამხედრო მობილიზების გამო ბელარუსში გამგზავრება საშიშია.
ასევე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თეთრმა სახლმა დაამტკიცა პენტაგონის გეგმა, რომელიც ამერიკელი სამხედროების პოლონეთში განთავსებას გულისხმობს, რათა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში უკრაინაში მყოფ ათასობით ამერიკელს ევაკუაციაში დაეხმარონ.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ნაბიჯით ცდილობს თავიდან აიცილოს ის ქაოსური ევაკუაცია, რაც აგვისტოში ავღანეთის შემთხვევაში მოხდა.
***
რამდენიმე თვის წინ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 ათასი ჯარისკაცი განალაგა.
სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს და უარყოფს, რომ შეჭრას აპირებს.
თუმცა, აშშ აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს.
უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზების გამო NATO-ს ქვეყნები უკრაინას სამხედო დახმარებას უწევენ, ამასთან, აძლიერებენ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილს, რაც აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო გემების, საბრძოლო თვითმფრინავების და სხვა შეიარაღების დამატებითი რაოდენობის გაგზავნას გულისხმობს.
დანია ბალტიის ზღვარში საბრძოლო ხომალდს - ფრეგატს აგზავნის, ასევე, ლიეტუვაში განათავსებს 4 ერთეულ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს. ესპანეთი ასევე აგზავნის საბრძოლო გემებს, რომლებიც NATO-ს საზღვაო ძალებს შეუერთდებიან, ასევე, განიხილავს ბულგარეთში საბრძოლო თვითმფრინავების განლაგებას. საფრანგეთი გამოხატავს მზაობას, რუმინეთში, NATO-ს ბრძანების ქვეშ, ჯარისკაცები გაგზავნოს. ნიდერლანდები აპრილში ასევე გაგზავნიან 2 F-35 საბრძოლო თვითმფრინავს ბულგარეთში, რათა მხარი დაუჭირონ NATO-ს საჰაერო-სამხედრო აქტივობას რეგიონში. ასევე, აგზავნის როგორც გემს, ისე ქვეით დანაყოფებს, რათა შეუერთდნენ NATO-ს საპასუხო რეაგირების ძალებს. ასევე, აშშ-მ ცხადად განახცადა, რომ გეგმავს სამხედრო ყოფნის გაზრდას ნატოს აღმოსავლეთ ნაწილში.
აშშ-მ კი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ბოლო 2 წელიწადში აშშ-მ უკრაინას 650$-ის ღირებულების უსაფრთხოების მხარდაჭერა გაუწია, 2014 წლიდან კი ამ დახმარების 2,7 მილიარდს შეადგენს.
გარდა ამისა, რუსეთს "არნახული" ეკონომიკური სანქციები ემუქრება აშშ-ის მხრიდან იმ შემთხვევაში, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარები განალაგა, დასავლეთს პირობები წაუყენა:
უკრაინის სიახლოვეს NATO-ს სამხედრო განლაგებების გაუქმება, ალიანსის გაფართოებაზე უარის თქმა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული იმ გადაწყვეტილების უკან წაღება, რომლის თანახმადაც, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები.
რუსეთი ასევე ითხოვს, ნატოს ჯარები გავიდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და დაბრუნდნენ იქ, სადაც 1997 წლამდე იყვნენ, ანუ მანამ, სანამ ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებოდნენ.
აშშ-მ და ნატომ რუსეთთან დიალოგი სცადეს. რუსეთის წარმომადგენლები კვლავ ქვეყნის მოთხოვნებს იმეორებენ და ამბობენ, რომ თუ დასავლეთი ამას არ გაითვალისწინებს, შეთანხმება ვერ შედგება. დასავლეთი კი რუსეთის მოთხოვნებს არ ეთანხმება და არც მათ გათვალისწინებას აპირებს.