logo
ENG



აბდუშელიშვილი წულუკიანის განცხადებაზე: აღიარა, რომ კინოცენტრის არაფორმალური მმართველია

14 ივლ 202315:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/14/ilpzbo1b64j0fj9.jpg

კინოცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ლევან აბდუშელიშვილი აცხადებს, რომ სამსახურიდან გასაუბრებისა და კვალიფიკაციის შემოწმების გარეშე გაათავისუფლეს. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

აბდუშელიშვილის თქმით, რეორგანიზაციის ფარგლებში, 20 ივნისს შეიქმნა არასაჯარო კომისია, რომელმაც დახურულ კარს მიღმა მიიღო გადაწყვეტილება და სამსახურიდან გაათავისუფლა ის თანამშრომლები, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს.

"მოგვივიდა ოფიციალურად ბრძანება, რომ ვართ გათავისუფლებულები, თურმე შემდგარა 20 ივნისს რაღაც კომისია, არასაჯაროდ და ჩვენთან გასაუბრების გარეშე, ჩვენი კვალიფიკაციის შემოწმების გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ ვართ საკმარისად კარგები ან არ სჭირდებათ ჩვენი პოზიციები და შეგვიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულებები. 20 ივნისს შეიქმნა რაღაც კომისია, რეორგანიზაციის ფარგლებში, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, ეს რა თქმა უნდა, დახურულ კარს მიღმა მოხდა და პროტესტი ვინც გამოვთქვით, ისინი გაგვათავისუფლეს", - აცხადებს აბდუშელიშვილი.

კინოცენტრის ყოფილი თანამშრომელი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ, 13 ივლისს ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ სამინისტრომ "რეორგანიზაციის დაწყება დააგვიანა".

აბდუშელიშვილის თქმით, გუშინდელი განცხადებით თეა წულუკიანმა აღიარა, რომ კინოცენტრის არაფორმალური მმართველია, რადგან კინოცენტრში რეორგანიზაციას აცხადებს დირექტორი და არა მინისტრი.

"გუშინ მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ რეორგანიზაცია აქამდეც უნდა დაეწყოთ ჩემს წინამორბედებსო და ახლა იყო ამის დროო. ეს უკვე არის ფაქტობრივი უზუსტობა, შეცდომა, იმიტომ რომ კინოცენტრში რეორგანიზაციას აცხადებს კინოცენტრის დირექტორი და არა მინისტრი, ანუ მას თანამდებობრივად არ აქვს უფლება, რომ რეორგანიზაცია გამოაცხადოს კინოცენტრში. ანუ თეა წულუკიანმა აღიარა, რომ ის არის არაფორმალური მმართველი კინოცენტრისა და მის მიერ დანიშნული ხუბუნაია არის მისი დავალებების შემსრულებელი და მას არ აქვს არანაირი გეგმა. ეს არის ფაქტობრივი უზუსტობა", - განაცხადა ლევან აბდუშელიშვილმა.

12 ივლისს კინოცენტრიდან კიდევ ორი თანამშრომელი - ლევან აბდუშელიშვილი და დავით დავითიანი გაათავისუფლეს. 

11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.

კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო. 

მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.

პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია, რომელიც მისივე თქმით, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ფორმულასთან ამბობს, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება.


close დახურვა