logo
ENG



აბესაძე ყალბი Facebook ანგარიშების წაშლაზე: ხელისუფლება საკუთარ რესურსებს პროპაგანდაზე ხარჯავს

05 მაი 202022:16
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე Facebook-ის მიერ ყალბი ანგარიშების წაშლას გამოეხმაურა, რომელსაც სოციალური ქსელის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილი მართავდა.

როგორც აბესაძემ „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, ხელისუფლება საკუთარ დროს, ფინანსურ და ადამიანური რესურსს ხარჯავს პროპაგანდაზე, რომელიც ხშირად ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა.

„სამწუხაროდ, ბოლო თვეებში ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც გამოვლინდა ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ათეულობით და ასეულობით ასეთი ყალბი ფეისბუქ ანგარიში და ჯგუფები. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციითაც, გაუქმებული ჯგუფები მაგალითად საპენსიო სააგენტოს სასარგებლო აგიტაციას ეწეოდნენ, ანუ ხელისუფლების სასარგებლო აგიტაციას ჩვენი გადასახედიდან მავნებლური ნაბიჯის გადადგმისას. ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე უწევდნენ აგიტაციას და ეხმარებოდნენ პასუხების გაცემასა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში. ეს ორივე სეგმენტი და სფერო კიდევ ერთხელ ნათლად და ცალსახად მიგვანიშნეს, რომ დიახ, ეს ფეისბუქ ჯგუფები ფინანსდებიან და მოქმედებენ ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არ არის ცალკე აღებული ჯგუფები, რომელიც ცდილობს, რომ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად საკუთარი შეხედულებები გაავრცელოს, თუნდაც ყალბ პროფილს ამოფარებულმა. ხელისუფლება იცლის, რომ საკუთარი ფინანსური რესურსი, დრო, ადამიანური რესურსი ხარჯოს პროპაგანდაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

ცნობისთვის, Facebook-მა ონლაინსივრციდან წაშალა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 790 ყალბი ანგარიში, რომლებსაც, მათი ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილი მართავდა. გარდა ამისა, წაშლილია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის და ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ყალბი გვერდები.


close დახურვა