logo
ENG



აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილე დელეგაციები ანაკლიას ეწვევიან

23 ოქტ 201915:11
3 წუთის საკითხავი
 
zo9qdjjksry044f.png

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში უზბეკეთის დელეგაცია ფოთსა და ანაკლიას ეწვევა. ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ ინტერესი დიდია, თუმცა კონსორციუმში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. 

„არსებობს დიდი ინტერესი, რომელიც გამოიხატა რამდენიმე დელეგაციის მიერ. როგორც ვიცი, ადგილზეც აპირებენ დელეგატები ჩასვლას და უნდა გაეცნონ იქ არსებულ მდგომარეობას“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა.

პორტით უცხოელი დელეგატების დაინტერესებას გამოეხმაურნენ ანაკლიის კონსორციუმშიც.

„ანაკლიაში ვუმასპინძლებთ უზბეკეთის დელეგაციას, ასევე ვიცე-პრემიერს. ოთხ საათზე იქნება შეხვედრა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არა მარტო დასავლელი პარტნიორებისთვის, არამედ ჩვენი მეზობლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი. არის ინტერესი და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ყველა დაინტერესებულ პირთან საუბარს“ - განაცხადა ლევან ახვლედიანმა, ანაკლიის კონსორციუმის წარმომადგენელმა.

ანაკლიის პორტით დელეგატთა დაინტერესებას გამოეხმაურა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, დავით საგანელიძე. როგორც ის აცხადებს, დარწმუნებულია, რომ ანაკლიის პორტი აშენდება. 

„ზუსტად არ ვიცი, ვინ ჩადის, რადგან ბევრი კომპანიისგან მოვისმინე დაინტერესება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად განხორციელდება“ - აცხადებს დავით საგანელიძე. 

შეფასებები გაკეთდა ანაკლიის პროქტთან დაკავშირებითაც.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სტუმრები დაინტერესდნენ შავი ზღვის პოტენციალით და ამიტომ ისინი ფოთის პორტსაც მოინახულებენ. 

ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას ანაკლიის კონსორციუმთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს.

„ჩვენ დიალოგის პრობლემა არ გვაქვს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. ვგეგმავთ შეხვედრას და ამიტომ თავს შევიკავებდი პარლამენტში ღია შეხვედრის გამართვისგან. ამ პროექტს სჭირდება სამუშაო შეხვედრები“  -აცხადებს მაია ცქიტიშვილი. 

მოჰყვება თუ არა უზბეკეთის მხრიდან რაიმე ინვესტიცია ამ ვიზიტს და დაინტერესდება თუ არა უზბეკური ან რომელიმე სხვა დელეგაცია ანაკლიით, ეს ფორუმის დამთავრების შემდეგ გახდება ცნობილი. 

 


close დახურვა