იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღეს არჩეული წევრი, გოჩა აბუსერიძე დემაგოგიას უწოდებს სასამართლო სისტემაში კლანის არსებობის შესახებ საუბრებს.
აბუსერიძის თქმით, ეს კითხვა მისთვის შეურაცხმყოფელია.
„ამგვარი შეკითხვა, საუბრები, რომ კლანი არსებობს, ჩემი აზრით, დემაგოგიაა, მიმართულია სასამართლოს დისკრედიტაციისკენ. შეგიძლიათ ჩემი პროფესიული მოღვაწეობა, წარსული, კავშირები გამოიკვლიოთ. სასამართლო სისტემაში არსებობს სასამართლოს კორპორაცია, სასამართლოს მოსამართლეები მართავს.
ეს კითხვა, ჩემთვის პირადად, როგორც მოსამართლისთვის, არის შეურაცხმყოფელი იმიტომ, რომ ის, თავისი შინაარსობრივი დატვირთვით, ჩემი აზრით, მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს დისკრედიტაციისკენ. არანაირი ზეწოლა და წინასწარი შეთანხმება დღეს, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. ჩემთვისაც მოლოდინის რეჟიმშიც არ ვყოფილვარ, რომ დღეს წარდგენილი ვყოფილიყავი საბჭოს წევრის კანდიდატურად. ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ წარმადგინა". - თქვა გოჩა აბუსერიძემ.
მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებით, დღეს, 26 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გახდნენ გოჩა აბუსერიძე, თემურ გოგოხია, ბადრი შონია და ლევან მიქაბერიძე.
მას შემდეგ, რაც უახლოეს რამდენიმე კვირაში საბჭოს მოქმედ 4 წევრს უფლებამოსილების ვადა გაუვა, გაჩნდება 4 ვაკანტური ადგილი. არჩეული წევრები სწორედ ამ ადგილს დაიკავებენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის, ნაზი ჯანეზაშვილისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიუღებელი იყო კონფერენციის დღეს დანიშვნაც, ვინაიდან ამით შარლ მიშელის შეთანხმება დაირღვა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.
21 მაისს დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით კი მიმართეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერება სთხოვეს, რაზეც კუჭავამ ასევე წერილით უპასუხა - მისი თქმით, პროცესს ვერ შეაჩერებდა.
აშშ-ის ელჩმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, მოსამართლეთა შერჩევა ივლისამდე გადადოს.
სასამართლო ხელისუფლებამ არც ერთი მოწოდება და გარემოება არ გაითვალისწინა.
არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, უკვე რამდენიმე წელია, სასამართლო სისტემას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მას ე.წ კლანი მართავს.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის დასკვნით, 2020 წელს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულმა მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფმა, ე.წ. კლანმა მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამდებობების დაკავება და მათზე ლოიალური მოსამართლეების გამწესება შეძლო.