მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განცხადებები გაკეთდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პირბადის სავალდებულო გამოყენებაზე ისაუბრა და ჩამოთვალა ის დაწესებულებები, სადაც პირბადე მოხმარების აუცილებელი ატრიბუტი გახდება.
მეზვრიშვილის თქმით, პირბადის ტარება სავალდებულოა მეტროპოლიტენსა და ტაქსებშიც.
„არჩეული იქნა ის ადგილები, ის დახურული სივრცეები, სადაც ყველაზე მაღალია რისკებია ვირუსის გავრცელების. პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, სადაც ყველაზე მეტად არის მოქალაქეებთან შეხება, სადაც ადამიანბეის ყველაზე დიდი რაოდენობა იყრის თავს. ასევე სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, სადაც ორი მეტრის დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მომხსენებელს შეხვედრაზე გამოსვლისას შეუძლია პირბადე არ გამოიყენოს, მაგალითად, როგორშიც მე ვიმყოფები - თუ ამ ადამიანს ორმეტრიანი დისტანციის დაცვა შეუძლია.
“სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, სადაც ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია. ზოგადსაგანმანათლებლო პოფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში, აქაც მოგეხსენებათ რისკი მაღალი და პირბადის ტარება სავალდებულოა. ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში - იგულისხმება მეტროპოლიტენიც და ტაქსებიც. ეს არ ეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს. აგრეთვე იმ ადამიანებს, ვისაც სასუნთქი პრობლემები აქვთ. თუ არ მოხდება სავალდებულო წესზე დამორჩილება გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები ფიზიკური და იურისიული პირებისთვისაც“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალი კანონის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.
ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში: ქვეყანაში ვირუსით 879 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 704 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 გარდაიცვალა.