logo
ENG



ადვოკატი: ნიკა მელია ამ ბრძოლიდან ღირსეულად გამოვა

29 აპრ 202111:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/29/k52r25rfeutmter.jpg

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, მელიას საქმე პოლიტიკურია და დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით მოლოდინები არ აქვს.

როგორც მან სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე "თავის მოტყუებას და სამართლებრივ არგუმენტებზე საუბარს არ აპირებენ".

"ეს არის მორიგი პროცესი და არავითარი დიდი მოლოდინი არ გაგვაჩნია. არ ვაპირებთ თავის მოტყუებას და სერიოზულ მტკიცებულებებზე და სამართლებრივ არგუმენტებზე საუბარს, ვინაიდან ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი. ამას უკვე ხელისუფლებაც აღიარებს და პირდაპირი მნიშვნელობით ინიცირებულიც აქვთ კანონპროექტი რომლითაც ადრე თუ გვიან ეს საქმე უნდა შეწყდეს", - თქვა ადვოკატმა.

კონდახიშვილის თქმით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე სხდომის გადადების შუამდგომლობას დააყენებს.

"ვიშუამდგომლებთ, რომ გადაიდოს ეს პროცესი, სანამ სასამართლო არ მიიღებს მორიგ დირექტივას, რა უნდა გააკეთოს, იქნება ეს ნიკას გათავისუფლება თუ საქმის შეწყვეტა", - განაცხადა კონდახიშვილმა.

რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, გიორგი კონდახიშვილის თქმით, ეს სამართლებრივი ინსტრუმენტი თავიდან ბოლომდე ხელისუფლების ხელშია.

"მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ იშუამდგომლონ და დაასრულონ ნიკა მელიას პოლიტიკური პატიმრობა, მათ შორის ამ სასამართლო პროცესზე. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ან მომავალი პროცესები, ფაქტი არის ერთი, ნიკა მელია ამ ბრძოლიდან გამოვა ღირსეულად. ის არის პოლიტიკოსი, რომელიც არის პრინციპული და თანმიმდევრული მის ბრძოლაში და უპირობოდ გამოვა გამარჯვებული", - განაცხადა კონდახიშვლმა. 

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, მოიაზრება გირაოს გადახდაც. 

როგორც ნიკა მელია აცხადებს, ის თანახმაა ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს უკან გაიწვევენ.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს. 

 


close დახურვა