logo
ENG



ადვოკატი: სახელმწიფომ სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ კალანდიასთან მორიგებაზე უარი თქვა

19 თებ 202414:25
3 წუთის საკითხავი
clock 393
2024/02/19/7oej6xvs8s628li.jpg

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სახელმწიფომ მორიგებაზე უარი განუცხადა. ინფორმაცია კალანდიას ადვოკატზე, ზურაბ თოდუაზე დაყრდნობით ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება კალანდიასთან მორიგებაზე წავიდოდა, მას მოუწევდა ეღიარებინა, რომ მსჯავრდებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ უზრუნველყო.

ცნობისთვის, საქმეზე "კალანდია - საქართველოს წინააღმდეგ" ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან გადაწყვეტილება დაცვის მხარეს გასული წლის 22 ნოემბერს ჩაბარდა. ზურაბ თოდუას განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობას მიხეილ კალანდიასთან შეთანხმებისთვის ვადა 14 თებერვლამდე ჰქონდა მიცემული.

"2024 წლის 14 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ, მიხეილ კალანდიას საქმეზე მორიგებაზე განაცხადა უარი და ითხოვა დრო სასამართლოს მიერ დასმულ სამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ეს კითხვებია: ჰქონდა თუ არა განმცხადებელს სამართლიანი სასამართლო მოსმენა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დადგენილებასთან დაკავშირებით კონვენციის მუხლი 6 §1 -ის გათვალისწინებით? გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებული იყო სისხლის სამართლის დანაშაულის სამართალწარმოების დროს, კერძოდ, საპარლამენტო გამოძიება, რომელიც წინ უსწრებდა სასამართლო მოსმენას და სასამართლო, რომელიც განიხილავდა განმცხადებლის საქმეს იყო თუ არა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონვენციის მუხლი 6 § 1 თანახმად (იხ. Čivinskaitė v. Lithuania, no. 21218/12, 15 September 2020)? ჰქონდა თუ არა განმცხადებელს მის წინააღმდეგ მოწმეების, კონკრეტულად გ.ჯ და გ.ბ, გამოკითხვის შესაძლებლობა, როგორც ამას ითხოვს კონვენციის მუხლი 6 §§ 1 და 3(დ) (იხ. mutatis mutandis, Bondar v. Ukraine, no. 18895/08, 16 April 2019)?

სასამართლომ, საქართველოს მთავრობას, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად 2024 წლის 10 მაისამდე მისცა დრო", - უთხრა ადვოკატმა ინტერპრესნიუსს.

***

11 წელი და 3 თვე - დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლომ ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და 25 თებერვლის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა. 

კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 15 წელი მიუსაჯა.  მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, კალანდია საპატიმროში 11 წელსა და 3 თვეს გაატარებს. 

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.


close დახურვა