logo
ENG



ადვოკატი გრიგორიადისზე: ადვოკატთან დასარეკად ტელეფონი მისცეს, კოდი რომ აკრიფა, გამოგლიჯეს

03 აპრ 202318:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/03/e47ycu174m7hv7n.png

ადვოკატი ლიკა ბითაძე აცხადებს, რომ დაკავებისას ლაზარე გრიგორიადისის უფლებები დაირღვა.

როგორც დაკავებულის მონახულების შემდეგ ადვოკატმა თქვა, გრიგორიადისს ადვოკატთან დასარეკად ტელეფონი მისცეს, შემდეგ კი როდესაც დაკავებულმა მობილურს კოდი მოხსნა, წაართვეს.

"ვესაუბრეთ ლაზარეს. მოგვიყვა ყველაფერი. ცალსახად დაირღვა მისი უფლებები. დაირღვა უფლებები ადვოკატის ნაწილში - იგი ითხოვდა ადვოკატს და არ მოუყვანეს. იყო ასეთი შემთხვევაც, რომ დაკავებისას მიაწოდეს მისი ტელეფონი, უთხრეს დაერეკა ადვოკატისთვის და რომ აკრიფა ტელეფონის კოდი, გამოგლიჯეს ხელიდან. უნდოდათ კოდის გაგება და ადვოკატთან არ დაარეკინეს. არ იცის სახელი და გვარი, ჰგავდა დეპარტამენტის უფროსსო, შემოვიდა და მითხრა, რომ ადვოკატს არ მოიყვნდაო. ასევე, ამბობს, რომ თუ აღიარებით ჩვენებას არ მივცემდი, იმ შემთხვევაში, ჩემს მეგობარს გიორგი ჯარიაშვილს დააკავებდნენო. ამ ეტაპზე ისევ დუმილის უფლებას გამოვიყენებო და პირველივე სასამართლოზე მივცემ ჩვენებასო"- ამბობს ლია ბითაძე.

31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.


close დახურვა