logo
ENG



ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მათთან დაცული კომუნიკაცია შეუზღუდეს

27 ოქტ 202114:23
3 წუთის საკითხავი
 
კადრები

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ოთახში პატიმარსა და მნახველს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენა, რითაც პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება წაერთვათ.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილს წაერთვა დაცვის უფლება, რადგან ახლა მასსა და იურისტებს შორის ნებისმიერ კომუნიკაციას ხელისუფლება გააკონტროლებს. 

"წარმოუდგენელი რამ ხდება, მიხეილ სააკაშვილს ფაქტობრივად წაართვეს დაცვის უფლება. ადვოკატებს აღარ გვაქვს შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციის. მისი და ჩვენი შეხვედრის ოთახი აღჭურვილია ვიდეოკამერებით. ცხადია, ხორციელდება აუდიოჩაწერა. იმისთვის, რომ ჩვენი კომუნიკაცია ყოფილიყო დაცული, ჩვენ მას წერილობით ვეკონტაქტებოდით, რისთვისაც მაღლა დატოვებული იყო სივრცე, ანუ არ იყო ამოვსებული ბარიერი.

დღეს როდესაც შევედით შეხვედრების ოთახში, აღმოვაჩინეთ, რომ ამ ოთახშიც რემონტი ჩაუტარებიათ და ეს სივრცეც იყო ამოქოლილი, ანუ ამოაშენეს ბარიერი ბოლომდე, რომ არ გვქონდეს მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია, ყველა კომუნიკაცია გაკონტროლდეს ხელისუფლების მხრიდან და გართულდეს კომუნიკაცია.

ადამიანი შიმშილობს 27-ე დღეა, ბუნებრივია, ის დასუსტებულია და ხმის გაგონებაც კი რთულია, თუ ხმამაღლა არ იყვირე დღეს არსებული რეალობით", - ამბობს ადვოკატი. 

მისივე თქმით, ციხის ადმინისტრაციამ მათ "სასაცილო არგუმენტი" დაახვედრათ, რომ ბარიერი კორონავირუსიდან გამომდინარე გააკეთეს. 

გუშინ, 26 ოქტომბერს ციხეში სააკაშვილის თანაგუნდელის, კობა ნაყოფიას ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სატელეფონო ზარების აკრძალვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მნახველს წერილს აღარ გაატანენ.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნაყოფიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ სააკაშვილისგან წერილის მიღების საშუალება იქნება ფოსტა, ან ადვოკატი.

ნაყოფიას თქმით, ციხეში მიხეილ სააკაშვილის სართულზე ყველა ფანჯარა დაბურეს, შეღებეს, ჩაკეტეს ისე, რომ გარედან კამერამ ვერ დააფიქსიროს. 

მიხეილ სააკაშვილის 27-ე დღეა ციხეში შიმშილობს. 

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.

 


close დახურვა