"სახალხო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე", – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადმინისტრაცია განცხადებაში პრეზიდენტის შვილებსაც ახსენებს და სახალხო დამცველს რეაგირებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს.
„თუმცა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ომბუდსმენმა თავი აარიდა რეაგირებას ქალი კანდიდატის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და თუნდაც მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე, რომელიც შემდგომში სასამართლოს მიერ დადასტურდა.
აგრეთვე სახალხო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ, როცა ის სხვა პოლიტიკოსი ქალებისა და აგრეთვე მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს პასუხობს.
მეტად სამწუხაროა, ამ პირობებიდან გამომდინარე, რომ ომბუდსმენმა ჩათვალა საჭიროდ პრეზიდენტის 15 ივლისის განცხადების შეფასება მისი არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ადმინისტრაცია ირწმუნება რომ არა მხოლოდ ზემოხსენებული განცხადება, არამედ საქართველოს პრეზიდენტის ყველა გამოსვლა გმობს ძალადობას და პოლარიზაციას და მიმართულია შერიგებისა და ერთიანობისკენ.
„მოცემული განცხადება ახალგაზრდებს მოუწოდებს არა ძალადობისკენ, არამედ აღიარებასა და მონანიებისკენ.
საქართველოს პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის და შესაბამისად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტი, იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველის ჩართულობა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გამოძიების პროცესზე ზედამხედველობა ხელს შეუწყობს ამ საქმის სრულყოფილ გამოძიებას, დაიცავს ოჯახს ბულინგისგან და საზოგადოებას დაძაბულობისგან და რაც მთავარია, უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, 15 ივლისს, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას, პრეზიდენტმა თქვა - "მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, ეს არაქართულია".
ის ამისთვის გააკრიტიკეს ოპონენტება და სახალხო დამცველმაც, რომელმაც პრეზიდენტის ნათქვამს ძალადობის რომანტიზება უწოდა. ზურაბიშვილის გამონათქვამი უარყოფითად შეაფასა მმართველი გუნდის ნაწილმაც.
დღეს, 17 ივნისს, პრეზიდენტი შაქარაშვილის საქმეზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა, მედიას აგრესიულად მიმართა და ჩაგვრაში დაადანაშაულა. ზურაბიშვილის თქმით, მას განცხადებაში ერთი-ერთზე ჩხუბი არ უგულისხმია.