logo
ENG



ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

23 თებ 202209:45
3 წუთის საკითხავი
 
ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
Bianca De Marchi/Pool/Reuters

უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ავსტრალია რუსეთის მიმართ სანქციებს აწესებს. მორისონმა 23 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ავსტრალია პირველ რიგში დააწესებს მოგზაურობის აკრძალვასა და მიზნობრივ ფინანსურ სანქციებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს 8 წევრზე - ქვეყნის მაღალჩინოსნებსა და თავდაცვის მეთაურებზე.

კანბერა, ასევე დაუწესებს ეკონომიკურ სანქციებს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებს აღმოსავლეთ უკრაინაში.

"უკრაინაში შეჭრა პრაქტიკულად უკვე დაწყებულია. რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მზადყოფნის პიკშია და შეიძლება, მომდევნო 24 საათში მოხდეს", - განაცხადა ავსტრალიის პრემიერმა.

პრემიერ მორისონის თქმით, არსებული სანქციები გახანგრძლივდება რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმსა და სევასტოპოლზეც. ავსტრალიამ, ასევე დაასანქცირა რამდენიმე რუსული ბანკი. 

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.  

თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. 

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმა, რომელიც მათ შორის რუსეთის დუმის 351 დეპუტატსაც შეეხება. 

აღიარების გამო სანქციები ასევე შეეხება 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები გავრცელდება ბანკებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს აფინანსებენ.

რუსეთს სანქციები დაუწესა აშშ-მაც. როგორც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, ეს სანქციების პირველი ნაწილია და თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. 

სანქციები შეეხება ორ ფინანსურ ინსტიტუტზე - VEB და სამხედრო ბანკს. ასევე შავ სიაში მოხვდებიან რუსული ელიტის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები. 


close დახურვა