ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდრ შალენბერგის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინაღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს რამდენიმე დღეში დააწესებს.
ბრიუსელში, ევროკავშირისა და კანადის ერთობლივი მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის წინ საუბრისას შალენბერგმა თქვა, რომ სანქციების მეექვსე პაკეტი არსებითი მნიშვნელობის იქნება, მაგრამ განხილვის გარკვეულ საჭიროებას მოითხოვს. მისი თქმით, მომავალი სანქციების სამიზნე მთელი რუსული სამხედრო კომპლექსი იქნება.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევა-მარია ლიმეტსი აღნიშნავს, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიებია და იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები პროგრესს მიაღწევენ.
"ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს, ჩვენ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაცემა უნდა გავაგრძელოთ, ასევე თავდაცვითი სამხედრო დახმარება, მაგრამ ასევე უკრაინელებთან უნდა განვიხილოთ, თუ როგორ შეგვიძლია მათ თავიანთი ქვეყნის რეკონსტრუქციაში მხარი დავუჭიროთ,” - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი ნავთობზე, ტელევიზიებზე, ბანკებსა და სამხედრო ოფიცრებისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს.