ავტომფლობელებისთვის ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, განბაჟების გადავადებასთან ერთად, ავტოიმპორტიორებს ამ პერიოდში არც საურავები დაერიცხებათ.
„ფაქტია, კრიზისის ზემოქმედება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად იქნება გრძელვადიანი. ჩვენ რამოდენიმეჯერ უკვე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა. ის ნაბიჯი, რომელიც გადავდგით განბაჟებასთან დაკავშირებით და ერთხელ უკვე გადავავადეთ, ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება, რომ გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე. ეს ნიშნავს, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე საურავების დარიცხვა არ მოხდება. ეს დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს შეეხება და თუ არ ვცდები, ეს არის 30 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი საგადასახადო გადავადების“,-განაცხადა გახარიამ.