სოფელ ალავერდში, ალავერდის ეკლესიის ტერიტორიაზე პრემიუმ კლასის სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. სასტუმროს Alaverdi Resort დაერქმევა და მას კომპანია "ბადაგონი" ააშენებს.
რამდენად დაცული იქნება პროექტში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი ან არსებობს თუ არა შესაბამისი ნებართვა?
ალავერდის ტაძარს, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში, ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს. ამას გარდა, 2007 წლიდან ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია.
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის თანახმად, ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალის ცვლილებაც გავლენას ახდენს ძეგლის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოზე ან/და ძეგლის სრულფასოვან აღქმაზე. ვიზუალური დაცვის არეალი განისაზღვრება: ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებისათვის – 500 მეტრის რადიუსით; მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლებისათვის –1000 მეტრის რადიუსით.
3 თებერვალს სასტუმროს პროექტის პრეზენტაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა ინვესტორთან ერთად გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.
როგორც კომპანია "ბადაგონის" დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ აღნიშნა, პროექტი ეკლესიის კუთვნილ ტერიტორიაზე განხორციელდება და მნიშვნელოვანი იქნება იმ ბალანსის დაცვა რაც, ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება-დაცვას და, მეორე მხრივ, ბიზნესის განვითარებას გულისხმობს.
მინისტრის თქმით, ინვესტიცია 2022 წლის დასაწყისში განხორციელდება.
"ეს არის დემონსტრაცია იმისა, რომ საქართველო ვითარდება; ვითარდება, ერთი მხრივ, იმ კუთხით, რომ იზრდება ეკონომიკა და, მეორე მხრივ, ვუფრთხილდებით ჩვენ ღირებულებებს, ტრადიციებსა და ისტორიულ თუ კულტურულ მემკვიდრეობას. Alaverdi Resort იქნება ზუსტად ამის მაჩვენებელი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი კახეთის რეგიონში და განვითარების დამატებით მუხტს შემოიტანს რეგიონში", - აღნიშნა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ხელოვნებათმცოდნე ციცინო ჩაჩხუნაშვილი ფორმულასთან საუბარში ვარაუდობს, რომ ალავერდის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობაზე საბოლოო ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უნდა გაეცა, თუმცა არსებული ვიზუალური მასალებიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ ამ პროექტზე ნებართვა ვერ/არ უნდა გაეცათ.
"არამგონია, რომ გაცემული იყოს ნებართვა, ამას გასცემს საბოლოოდ და მითუმეტეს, ალავერდთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.
პროექტში დასაბუთება უნდა იყოს, კვლევა უნდა იყოს, კულტურული ლანდშაპტის შეფასება უნდა იყოს. თუ ეს ყველაფერი არ გვაქვს, მხოლოდ რენდერით ვერაფერს გავაწყობთ. ამას სერიოზული პროექტი სჭირდება, რაც ჩვენ არ ვიცით. ბოლო 2 წელია მსგავსი პროექტი არ განხილულა. შეიძლება საპატრიარქოს საბჭომ განიხილა, რაც, რა თქმა უნდა, არაა საკმარისი. საბოლოო ნებართვის გამცემი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოა.
ვიზუალური დაცვის არეალის კუთხით, რასაც რენდერზე ვხედავ, დარღვევაა", - ამბობს ის.
ფორმულა ცდილობდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან დაკავშირებას, თუმცა რეორგანიზაციის შედეგად, სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაუქმდა.
აქვს თუ არა კომპანიას მოპოვებული სააგენტოს ნებართვა მშენებლობაზე? ამაზე ფორმულანიუსი "ბადაგონის" დამფუძნებელთან, გოგი სალაყაიასთან დაკავშირებასაც ცდილობდა. იგი, ჯერჯერობით, ზარებს არ პასუხობს. მის კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.