logo
ENG



ამ დოკუმენტმა ოცნება რთულ მდგომარეობაში ჩააყენა - ოპოზიცია ეუთოს დასკვნას ეხმაურება

06 თებ 202007:41
3 წუთის საკითხავი
 

"ქართულ ოცნებას" უკან დახევა მოუწევს", - ასე აფასებენ ოპოზიციურ პარტიებში ეუთო-ოდირის დასკვნას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ოდირის დასკვნამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი საარჩევნო სისტემა კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაშია. 

"ის მრავალმანდატიანი სისტემა, რაც ჩვენ წარვადგინეთ, შეესაბამება კონსტიტუციას. არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. ეს მოდელით რა თქმა უნდა დამუშავებას საჭიროებს, მაგრამ შესაძლებელია არჩევნების ჩატარება“, - ამბობს უგულავა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ თუ მმართველი გუნდი ოდირის დასკვნას არ გაითვალისწინებს, ეს ხელისუფლებას დააზიანებს. 

"ეს არის კიდევ ერთი პირდაპირი მოწოდება ხელისუფლებისადმი, რომ მათ მიიღონ კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემა. შედეგი ცუდი იქნება ივანიშვილისთვის და მისი რეჟიმისთვის, თუ არც ოდირის რეკომენდაციებს და არც საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს არ გაითვალისწინებენ“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

დასკვნის მიხედვით გაცემული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე. ბურჯანაძის თქმით, ოდირის დასკვნამ "ქართული ოცნება" მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. 

"ამ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი საარჩევნო სისტემა უნდა იყოს შეთანხმებული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამ შეთანხმებას შეიძლება ხელი შეუშალოს მხოლოდ „ქართული ოცნების“ სიბრიყვემ. სხვა საბაბი არ არსებობს. ამ დოკუმენტმა „ქართული ოცნება“ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც დღეს გვიმტკიცებდა, რომ ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს“, - ნინო ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც არჩევნების, ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითვალისწინებდა, ორი თვის წინ ეუთო-ოდირში გაიგზავნა. პაკეტს ხელს 30 მდე პარტია აწერს. დასკვნაში წერია, რომ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მხოლოდ ორგანული კანონის შეცვლას ითხოვს და არა კონსტიტუციის, სწორედ ეს იყო სადავო მმართველი ქართული ოცნების მხრიდან. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებაში მაინც ფიქრობენ, რომ ე.წ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

 

 


close დახურვა