მარნეულში მოქალაქეების შეშვება კონტროლისა და სიცხის გაზომვის ფონზე მიმდინარეობს. "ფორმულას" კორესპონდენტის ინფორმაციით, დეზინფექცია უტარდება ტერიტორიაზე შემავალ და გამომავალ ტრანსპორტს.
დაკეტილია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიებისა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ასევე ჯარი და მედიკოსები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი მუმლაძე "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ მარნეულის კარანტინში მოქცევა განსაკუთრებული შედეგის მომტანი არ იქნება, რადგან არ კონტროლდება რაიონში ვირუსის შიდა გადაცემა.
"ამ ეტაპზე უკონტროლოა შიდა გადაცემა. ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკი არსებობს, თუ ასე გაგრძელდა მით უმეტეს. კარანტინი გამოიხატება იმაში, რომ მაგალითად ჩემი ოჯახის წევრი იმყოფებოდა რაიონში მედიკამენტების შესაძენად, მაგრამ კონკრეტულად ადამიანების შემოწმება არ ხდება. შიგნით მოძრაობენ მოქალაქეები ჩვეულებრივ. სხვაობა ის არის, რომ მარნეულში და ალბათ ბოლნისშიც შესასვლელია გადაკეტილი. ასეთი კონკრეტული ნაბიჯები ვინმესთან მისვლა, გაფრთხილება, ან სპეციალური ეკიპირებით გადაადგილება, ამას ადგილი არ ჰქონია", - ამბობს გიორგი მუმლაძე.
მარნეულის კლინიკის კლინიკური დირექტორი ლელა კიწმარიშვილი კი ამბობს, რომ კლინიკა სამუშაო რეჟიმშია და ვითარება ადგილზე შედარებით მშვიდია.
"ვიმყოფებით სამუშაო რეჟიმში. მეტ-ნაკლებად მშვიდი სიტუაციაა. კონკრეტულად რა სახის პაციენტებია დღის ბოლოს შემიძლია გითხრათ, როდესაც პასუხებს მივიღებთ. პაციენტები ჩვეულებრივად მოგვმართავენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი კითხვები, რომლითაც ვავლენთ საეჭვო შემთხვევას", - აღნიშნა კიწმარიშვილმა.
გარდა ამისა, მოხალისეები მედიკოსებთან ერთად ივლიან ადგილობრივ მოქალაქეებთან, მიაწვდიან მათ საჭირო ინფორმაციას და ასევე გაუზომავენ ტემპერატურას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა. ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენცია გახდა. აგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც კორონავურუსი დაუდგინდა, ბევრ ადამიანთან ჰქონდა კავშირი.
დღეს მარნეულში საველე ჰოსპიტალიც მოეწყო.