logo
ENG



მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

23 მარ 202010:43
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

„მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საველე ინფრასტრუქტურის მოწყობა დაევალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საველე ჰოსპიტალის მოწყობის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

"საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

"შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სამაგიეროდ, არიან გამოჯანმრთელებული პაციენტები - კერძოდ, ასეთი სამი პირია. როგორც ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა მარინა ენდელაძემ ექსკლუზიურად „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა, კიდევ 5 ინფიცირებულზე ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღებს და მათი ნაწილი კლინიკას მალე დატოვებს.

ვირუსის მასშტაბების ზრდასთან ერთად, მთვრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გარდა ამისა, ამ დროისთვის დაფიქსირდა კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევა, როდესაც არაა ცნობილი თუ ვინაა დაინფიცირების წყარო. მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მანამდე კლინიკაში მწვავე პნევმონიით მისი და, გადიოდა მკურნალობას. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტმა აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია დამალა. ამის გამო, მკაცრი კარანტინის რეჟიმზე გადავიდნენ ბოლნისი და მარნეული. 


close დახურვა