ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 10 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს
რას იტყვის შაქარაშვილის ექსპერტიზა
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სასამართლო ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. როგორც მირიან ნიკოლაძემ, ფორმულა ნიუსთან, სატელეფონო საუბარში აღნიშნა, შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის შედეგმა მნიშვნელოვან კითხვებს უნდა გასცეს პასუხი. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვნეს. შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამ დროისთვის 17 პირია დაკავებული.
რაც შეეხება დიდუბის ეპიზოდს, ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილმა ლაშა ლურსმანაშვილი (იგივე „კაწრო ორი“) ამოიცნო. თამარ აბესაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობა სატელეფონო ამონაწერითაც დასტურდება. როგორც ადვოკატი აცხადებს, იმ დროს, როცა ამირხანაშვილი დიდუბეში იმყოფებოდა, ბილანიშვილი სახლში იყო, ე.წ. კაწროს მოწმეები კი მხოლოდ ოჯახის წევრები არიან. აბესაძის ვარაუდით, ბილანიშვილის გამოკითხვა საჭირო აღარ გახდება.
კონგრესის კანონპროექტი
ამერიკის შეერთებული სტატების წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. დოკუმენტის ნაწილი საქართველოსთვის დაფინანსების 15% -ით შეჩერებას ითვალისწინებს. 132-მილიონიანი დახმარება შემცირდება იქამდე, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯებს დგამს, რათა:
- განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები
- ებრძოლოს კორუფციას
- დაიცვას კანონის უზენაესობა
განმარტებაში, რომელიც კომიტეტის დოკუმენტს 9 ივლისს დაერთო, დახმარების სრულად მიღების წინაპირობად ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვაა დასახელებული. დაფინანსების 15%-ის მიღება დამოკიდებულია სახელმწიფო მდივნის მიერ წარდგენილ ანგარიშზე. სწორედ ის განსაზღვრავს, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ.
უმისამართო სროლა გლდანში
გლდანში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან კაცი უმისამართოდ ისროდა - ადგილზე მთელი ღამე პოლიცია იყო მობილიზებული. ადგილობრივები ყვებიან რომ მათ გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს, ფაქტის შედეგად არავინ დაშავებულა, უცნობია მომხდარის მოტივი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1997 წელს დაბადებული პირი დააკავა - გაირკვა რომ იგი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს
ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე 17 წლის ბიჭი დაჭრეს. დაშავებულს კლინიკა „მედცენტრში" ოპერაცია ჩაუტარდა. რა გახდა ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
კომუნიკაციების კანონპროექტის ბედი
კომუნიკაციების კომისიის კანონპროექტი დარგობრივ კომიტეტზე დღეს დაჩქარებული წესით გადის. დოკუმენტის მიხედვით, კომისიას შესაძლებლობა ექნება, ორგანიზაციებში, მათ შორის ტელევიზიებში საკუთარი წარმომადგენელი დანიშნოს. დღევანდელ სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან, მანამდე კი საკანონმდებლო ორგანოსთან ბრიფინგს გამართავენ. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი მედიის საქმიანობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.
ქართველ სამხედროებს ავღანეთში COVID-19 დაუდასტურდათ
28 ქართველ სამხედროს ავღანეთში კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ინფიცირებულები სპეციალური რეისით, გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს. მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი ბუნდესვერის სხვადასხვა დანაყოფებიდან.სამხედრო მოსამსახურეები შესაბამის სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებენ,
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
968 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 844 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 231 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 4851 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 12.3 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 7.2 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 557 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 59 ათასამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.