ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 14 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს
გამოკითხვა შსს-ში შაქარაშვილის საქმეზე
გვიან ღამემდე გაგრძელდა გამოკითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე. მოწმის სახით უწყებამ ტოიოტა ვიტსის ავტომობილში მყოფი მგზავრი და გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობარი გამოკითხა. უფლებადამცველის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაბადების დღიდან დაურეკეს, ის კი სწორედ იმ ავტომობილში იჯდა, რომელიც უბედური შემთხვევის ადგილზე 19 ივნისს გადაადგილდებოდა. სწორედ ზარის ჩანაწერების გამო დაიბარეს პირი უწყებაში. მუხრან ღურწკაია ასევე განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იყვნენ გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობრებიც.
„კაწროს“ სარჩელი
ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე „კაწრომ“ მთავარი არხისა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში სარჩელი შეიტანა. როგორც მისი უფლებადამცველი თამარ აბესაძე აცხადებს ტელეარხმა ბილანიშვილის რეპუტაცია შელახა. ქარტიაში იმსჯელებენ დაირღვა თუ არა კოდექსის პირველი, მესამე და მეთერთმეტე მუხლები. აბესაძის განცხადებით, შესაძლოა უახლოეს მომავალში ბილანიშვილმა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოშიც შეიტანოს. მთავარი არხის იურისტის თამთა მურადაშვილის განცხადებით, საქმის მასალები მათთვის ჯერ ცნობილი არ არის.
სისხლიანი გარჩევა თელავში
თელავში, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სტუმარმა მასპინძელი ბასრი საგნით კისრის არეში დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ზუგდიდში 16 წლის მოზარდს ეძებენ
16 წლის მოზარდს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში ამ დრომდე ეძებენ. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ზაალ არქანია საქონლის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე ცდილობდა გადასვლას, რა დროსაც ის დინებამ გაიტაცა. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის მანძილზე მაშველები და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მდინარის გასწვრივ, იმ პერიმეტრზე მიმდინარეობდა, საიდანაც მოზარდის კვალი გაქრა. ადგილობრივების ცნობით, მდინარემ ორდღიანი წვიმის შემდეგ საგრძნობლად მოიმატა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
კენჭისყრა პარლამენტში
დღეს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან კანონპროექტს რომელიც მმართველ გუნდს საშუალებას მისცემს პარლამენტის გვერდის ავლით ნებისმიერი შეზღუდვა წლის ბოლომდე დააწესოს. დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებს ოპოზიცია, ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ მთავრობა ამ გზით წინასაარჩევნო პროცესების მართვას ცდილობს.
ასევე დღეს განახლდება საკანონმდებლო ორგანოში, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის განხილვა. ოპოზიციაში მიაჩნიათ რომ კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია, რადგან ის უხეშად ერევა კერძო ბიზნესის ინტერესებში. მმართველი გუნდის ოპონენტები ფიქრობენ, რომ დოკუმენტის მიღებით შესაძლოა კერძო კომპანიების დამოუკიდებლობა შეიზღუდოს.
ასოცირების ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ასოცირების ხელშეკრულების ანგარიშში შესატანი რამდენიმე შესწორება პირველივე კენჭისყრაზე დაამტკიცა. ცვლილებების ნაწილი რვა მარტის შეთანხმებასაც ეხება. შესწორებებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფალ საარჩევნო გარემოზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე, ასევე დეზინფორმაციის კამპანიაზე და ფეისბუქის წაშლილ გვერდებზეა საუბარი. სხვა საკითხებთან ერთად ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გამოიძიონ სამართალდამცავების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების ყველა ფაქტი. სვენ მიქსერის ანგარიშის პროექტში 165 შესწორებაა შესული. დოკუმენტს საბოლოოდ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე 14 სექტემბერს უყრიან კენჭს.
Glee-ის მსახიობის, ნაია რივერას ცხედარი ტბაში იპოვეს
Glee-ის მსახიობი ნაია რივერა, რომელსაც ვენტურას საგრაფოს პოლიცია რამდენიმე დღე ეძებდა, პირუს ტბაში დამხრჩვალი იპოვეს. მსახიობი ტბაზე შვილთან ერთად ნავზე იმყოფებოდა. რივერას ვაჟი ნავში მძინარე მარტო იპოვეს. როგორც რივერას მცირეწლოვანმა ვაჟმა პოლიციას უთხრა, მან დაინახა, როგორ გაუჩინარდა დედამისი წყლის ქვეშ.
ვენტურას საგრაფოს პოლიციის დეპარტამენტის შერიფი ამბობს, რომ სავარაუდოდ რივერამ შვილის ნავზე დაბრუნება შეძლო, თუმცა თავისი თავის გადარჩენისთვის ენერგია აღარ ეყო.
33 წლის ნაია რივერა ფართო საზოგადოებამ სერიალ Glee-ში შესრულებული როლით გაიცნო.
აია სოფიას ბედი
მუსლიმური ღვთისმსახურების დროს აია-სოფიაში განთავსებულ ქრისტიანულ ფრესკებს ფარდებით ან სპეციალური განათების მეშვეობით დაფარავენ. განცხადება მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის მმართველი პარტიის სპიკერმა გააკეთა. მისი თქმით, ოფიციალური ანკარა ქრისტიანულ საგანძურს დაიცავს და მას ხელუხლებელს დატოვებს. აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა ერდოღანმა 10 ივლისს მოაწერა. მეჩეთად გადაკეთებულ ტაძარში პირველი ლოცვა 24 ივლისს ჩატარდება.
COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში
995 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 857 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 219 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5001 პირი.
მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 13.2 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 7.6 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 575 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 58 ათასზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.