logo
ENG



ამბები, რომლებიც 26 ოქტომბერს უნდა იცოდე

26 ოქტ 202008:24
3 წუთის საკითხავი
 
xj8rfq3letnodsu.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 26 ოქტომბერს უნდა იცოდეთ

 

სავარაუდო თავმდამსხმელის ვინაობა

ტელეკომპანია მთავარის ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც საქართველოს ბანკში შეიჭრა 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა, რომელიც სენაკში მსახურობდა. ნიკა გვარამიასა და ელისო კილაძის ინფორმაციით, დამნაშავე კვირა საღამოს სპეცოპერაციის დროს გრიგოლიში გაექცათ.


 

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს. თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ მსგავსი სახელით და გვარით თავდაცვის ძალერბში არავინ ირიცხება. 

 

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაღდათში

4 ადამიანი ემსხვერპლა ავარიას ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში. მერსედესის მარკის ავტომობილი მაღალი სიჩქარით გზიდან გადავიდა და სახლის ჭიშკარს შეეჯახა. ადგილზე 4 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან ერთი 4 წლის ბავშვია.


ბავშვის დედა და და საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ადგილობრივების თქმით, გზის ამ მონაკვეთზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, ვინაიდან, არსებულ მონაკვეთზე სიჩქარის შემზღუდავი ნიშნები და ვიდეო კამერები არ არსებობს.  

 

დაკავება თეთრიწყაროში

თეთრიწყაროში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბედიანის ხეობის მიმდებარედ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მცხოვრები ცოლ-ქმრის, ჩინეთისა და ავსტრალიის მოქალაქეების სახლში მოტყუებით, უკანონოდ შეაღწიეს.


დაკავებულებმა ცოლ-ქმარს და მათ ორ შვილს ხელ-ფეხი შეუკრეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოიპარეს სახლში არსებული 16 100 ლარი, ლეპტოპი, მობილური ტელეფონები და შემთხვევის ადგილიდან ოჯახის მანქანით მიიმალნენ. დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პლატფორმა 20/20 სარჩელი 

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი „პლატფორმა 20/20’’-ის აღმასრულებელ დირექტორს, თენგო თევზაძესა და იურისტ ალიკა კუპრავას შეაქვთ. მათი მთავარი მოთხოვნა ცესკოს დადგენილების იმ ნორმის შეჩერებაა, რომელსაც პროტოკოლის თანახმად, ადამიანებს რომლებსაც 26 ოქტომბრის შემდეგ შესაბამისი უწყების რეკომენდაციით გადავლენ თვითიზოლაციაში, არჩევნებში ხმის მიცემა ეზღუდებათ. როგორც იურისტი ალიკა კუპრავა განმარტავს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, მინიმუმ 30 ოქტომბერს აჩევნებში ხმის მიცემის საშუალება უნდა მისცენ.  

 

 „ნაციონალური მოძრაობის" შემაჯამებელი შეხვედრა ზუგდიდში 

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ამომრჩეველთან შეხვედრას დისტანციურად ესწრებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი და პრემიერმინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს ვიდეო-ზარის მეშვეობით სიტყვით მიმართა და არჩევნებში მისვლისკენ მოუწოდა. მხარდამჭერებს მიმართეს პარტიის სხვა ლიდერებმაც, რომლებმაც მოსახლეობას არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.

 

„სტრატეგია აღმაშენებლის " დასკვნითი შეხვედრა ქუთაისში 

„სტრატეგია აღმაშენებლმა" შემაჯამებელი შეხვედრა ქუთაისში გამართა. პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მხარდამჭერებს საქართველოს აღმშენებლობის გეგმა გააცნო. „სტრატეგია აღმაშენებლის " ხედვის მიხედვით, ყველა ქალაქს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა ექნება. ქუთაისი კი საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს დაიბრუნებს, რასაც მისი განვითარებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს. 

 

კალაძე არჩევნებზე  

თბილისის მერმა დიდ დიღომში „გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიასთან ანბანის ინსტალაცია და დასასვენებელი სივრცე დაათვალიერა. ტერიტორია, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაობები ჩატარდა, 3800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.

 კახი კალაძემ მედიასთან საუბრისას წინასარჩევნო გარემოზეც ისაუბრა. მერის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ და თანაბარ პირობებში მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. 

კახი კალაძის თქმით, ყველა სახის ძალადობა მიუღებელია და 2020 წლის არჩევნები მაღალ შეფასებებს მიიღებს.

 


close დახურვა