ფორმულას საინფორმაციო გამოშვებებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების სოციალური მედიის სამსახური მოკლედ გთავაზობთ მნიშვნელოვან მოვლენებს, რომლებიც 27 ოქტომბერს უნდა იცოდეთ
რა ხდება ზუგდიდში
ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულის ოჯახის წევრები სამართალდამცველებმა გამოკითხეს. ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში ბადრი ესებუას მამა, ძმა და ბიცოლა დაიბარეს. პოლიციის შენობის გარეთ მათ ოჯახის ახლობლები ელოდებოდნენ. გვიან ღამემდე ჩხრეკდნენ ბადრი ესებუას სახლსაც, საიდანაც სამართალდამცველებმა ნივთმთკიცებულებები ამოიღეს. ზუგდიდში ბანკზე თავდასხმას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ ზუგდიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამავე ბრიფინგზე დაადასტურა შსს-მ, რომ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუაა.
როგორ იქცევა შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრახი - ასე აფასებენ უწყების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი თქმით, გომელაურის უწყება ჩამოშლილია, რადგან იდენტიფიცირებული დამნაშავის დაკავებას უკვე რამდენიმე დღეა ვერ ახერხებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის კრიტიკის ნაცვლად, დამნაშავის დაუყონებლივ დაკავებაზე უნდა იმუშაოს.
არჩევნები იზოლაციაში
მხოლოდ 4 საათით გაუხანგრძლივა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციის ვადა თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს. გადასატანი ყუთის მოთხოვნის დრო მათთვის დღეს 2 საათამდე გადაიწია. ცესკოს ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ. ისინი ამბობენ, რომ მმართველი პარტია ცდილობს, რაც შეიძლება ცოტა მოქალაქეს მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.
ფულის დარიგება წინასაარჩევნოდ
ფულის დარიგება სამტრედიაში და ფარული შტაბი წითელი ჯვრის ოფისში, - ამ დარღვევებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ლაპარაკობს. ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ერთ-ერთი მოხალისე მაღალი თანამდებობის პირებს, უცხოელი დამკვირვებლის სახელით გაეცნო. კანდიდატის თქმით, კონკრეტული პირები სამტრედიის წინასაარჩევნო ფარულ აგიტაციებში აქტიურად არიან ჩართულები. ნანუკა ჟორჟოლიანმა ფორმულანიუსთან საუბრისას თქვა, რომ სამტრედიის მსგავსი ვითარებაა ვანშიც, სადაც წინასაარჩევნო პროცესში სუს-ის მაღალჩინოსნები არიან ჩართული.
სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის ანგარიში
ძალადობა ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე წინასაარჩევნო პერიოდში, - ამაზე იქნება ლაპარაკი სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის წინასაარჩევნო შუალედურ ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართება. მასში ასევე ასახულია საუბნო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელ წევრებად პარტიული ნიშნით დანიშვნისა და საკარანტინე სივრცეებში მოთავსებული პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის ხელშეშლის ფაქტები.დარღვევების გარდა, ანგარიში ხელისუფლებისთვის გაცემულ რეკომენდაციებსაც მოიცავს.
უნებართვო რეგისტრაციის ფაქტები წინასაარჩევნოდ
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ბინაში მისთვის უცნობი პირი დარეგისტრირდა. ამის შესახებ კონსტანტინე კუბლაშვილმა ცესკოს ამომრჩევლის სიის გაცნობისას აღმოაჩინა და სერვისების განვითარების სააგენტოს მისი გაუქმების თხოვნით მიმართა. საკითხით ადამიანის უფლებათა ცენტრი დაინტერესდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მსგავსმა შემთხვევებმა წინასაარჩევნოდ მოიმატა. იურისტები განმარტავენ, რომ რეგისტრაცია რამდენიმე წინაპირობას ითვალისწინებს, მათ შორის ერთ-ერთი კი კონკრეტულ მისამართზე 6 თვეზე მეტხანს ცხოვრებაა, თუმცა ეს წინაპირობა არცერთ შემთხვევაში დაცული არ იყო. არასამთავრობო სექტორი იუსტიციის სამინისტროს პრობლემის შესწავლისკენ და მესაკუთრებიისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდებს.
მერაბიშვილის ვიდეომიმართვა
მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები, - ეს დაასახელა არჩევნებზე სამ მთავარ მტრად შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა. ვანო მერაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და სამართალდამცველებს მიმართა. მერაბიშვილი ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამომრჩევლის მოსყიდვას შეეცდება.
"ჩვენი სამი მთავარი მტერი გვიპირისპირდება" - მერაბიშვილი სამართალდამცველებს მიმართავს
.
კუკავას COVID-19 დაუდგინდა
კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე, ფორმულასთან საუბრისას, არ გამორიცხავს, რომ ის შესაძლოა აჭარაში ყოფნის დროს დაინფიცირდა. ის მკურნალობას ექიმების რეკომენდაციით სახლში განაგრძობს რადგან ინფექცია მსუბუქ ფორმებში აქვს.
კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა
.