logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 19.01.2020

19 იან 202011:17
3 წუთის საკითხავი
 
yhw6yfod5a5mtl7.jpg

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება. ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების ტაძარში ატარებს. წირვის დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის წესი შესრულდება, რომლის დროსაც პატრიარქი წყალს აკურთხებს. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.


დავიბრუნოთ ეზო! - აქცია ანას ბაღში

დღეს "ანას ბაღში" მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორების ცნობით, ისინი ფართო საზოგადოებას თბილისის საკრებულოში შესატანი პეტიციის ტექსტს გააცნობენ, სადაც მოთხოვნილია გასხვისებული ეზოს დაბრუნება. ანას ბაღი ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში მდებარეობს, 22-ე 21-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე. აქცია 15:00 საათზე დაიწყება.

 

საქართველოში თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში შესაძლოა მცირე ნალექი და თოვლჭყაპი აღინიშნოს. სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ხელბურთი: ფინეთი VS საქართველო

დღეს, ქალაქ რიიჰიმიაკიში, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ფინეთთან უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს; საქართველო-ფინეთის ორმატჩიანი დაპირისპირების გამარჯვებული ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს. პირველი შეხვედრა თბილისში ფრედ - 24:24 - დასრულდა.

თუ საქართველოს ნაკრები ორი მატჩის ჯამში გამარჯვებას მოიპოვებს, წელსვე უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადავა; 2020 წლის ოქტომბრიდან თბილისს ევროპის უძლიერესი გუნდები ეწვევიან, ხოლო ნაკრების ელიტაში მოხვედრა ქართული ხელბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება. 



კონორ მაკგრეგორი VS კოვბოი სერონე

MMA-ის ირლანდიელი ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს უბრუნდება და დღეს ნევადაში კოვბოი სერონეს დაუპირისპირდება. ბრძოლისთვის, რომელიც კოვბოის MMA კარიერაში 51-ე იქნება, კონორი მინიმუმ 3 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო დონალდ სერონეს მხოლოდ 200,000 შეხვდება.

ბოლო ორი ბრძოლა სერონემ წააგო, თუმცა MMA-ს ლეგენდა მსუბუქი დივიზიონის პირველ და მესამე ნომრებთან, ტონი ფერგიუსონთან და ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა. რეიტინგით მეხუთე დონალდს UFC-ის სახელით 23 მოგება აქვს, რაც ორგანიზაციის რეკორდია. დღესვე ენტონი პეტისი კარლოს დიეგო ფერეირას დაუპირისპირდება.


close დახურვა