logo
ENG



ამბები, რომლებიც უნდა იცოდე: 23.10.2019

23 ოქტ 201915:05
3 წუთის საკითხავი
 
l6hqe22iyfb9blv.jpg

ზუკა ბერძენიშვილი დაზარალებულის სტატუსს ითხოვს 

 

მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში” წარმომადგენელი ზუკა ბერძენიშვილი გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმართავს.

 

საქმე ეხება 8 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს ზუკა ბერძენიშვილსა და პარლამენტარ ემზარ კვიციანს შორის მომხდარ ინციდენტს.

 

"მიუხედავად წარდგენილი ვიდეო მტკიცებულებებისა, სადაც ნათლად ჩანს ფიზიკური ძალადობის ფაქტები, ზუკა ბერძენიშვილს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, რაც საქმის პროკურორის მხრიდან მეტყველებს შერჩევით მიდგომაზე".

 

ოქრუაშვილის პროცესი

 

დღეს პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი გაიმართება, სადაც ბრალდების მხარე მოწმეებსა და მტკიცებულებებს წარადგენს. ოქრუაშვილის განცხადებით, თუ მას საპროცესო შეთანხმების შეთავაზებენ, ის უარს იტყვის.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში შეჭრას.

 

სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი

 

დღეს დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც 2019 წლის 4 ივნისს დააკავა.

ზაზა სარალიძის განცხადებით, კალანდიას დაკავებით, ფაქტობრივად, სამართალი აღდგა, თუმცა, აღნიშნა, რომ საქმეს ბოლომდე მიჰყვება, სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა. ბრალდებულის ოჯახი კი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მიხეილ კალანდიას ძმის, ლუკა კალანდიას განცხადებით, 2017 წლის 3 დეკემბერს დაკითხვაზე კალანდიებს ფიზიკური და მორალური ზეწოლის შედეგად მოაწერინეს ხელი იმ ჩვენებაზე, რომელიც მათი დაწერილი არ იყო.

 

"ტორპედო" თბილისში ძირითადი გუნდით ითამაშებს

 

გულშემატკივართა თხოვნით, ქუთაისის "ტორპედო" დღეს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში თბილისში "საბურთალოს" წინააღმდეგ ძირითადი ფეხბურთელებით ითამაშებს, რომლებმაც კლუბში და სამწვრთნელ ბაზაზე შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო ვარჯიში 9 ოქტომბერს შეწყვიტეს.

ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალური ფან-კლუბის განცხადებით, სრულად იზიარებენ ფეხბურთელთა პოზიციას, რომ სანამ ადმინისტრაცია დავალიანებას არ გაისტუმრებს სპორტსმენების მიმართ, მათ აღარ ითამაშონ. მიუხედავად ამისა, როგორც ქომაგები აღნიშნავენ, დღევანდელმა თამაშმა შესაძლოა კლუბის მომავალი რადიკალურად შეცვალოს.

 

"გამოძიების ხარვეზები შრომის უსაფრთხოების საქმეებში"


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სამუშაო შეხვედრას მართავს, შრომის უსაფრთხოების საქმეებში გამოძიების ხარვეზებთან დაკავშირებით. კერძოდ, ორგანიზაციაში ამ ჭრილში განიხილავენ მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევებს. ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ სამუშაოების წარმოებებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა და მომხდარ შემთხვევებზე ეფექტიანი გამოძიება კვლავ გამოწვევად რჩება.

შეხვედრას შრომის უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, ექსპერტები და სამუშაო ადგილებზე დაზარალებულთა ოჯახის წევრები დაესწრებიან.

დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავენ 2018 წლის 16 ივლისს მინდელის შახტაში მომხდარ საწარმო შემთხვევასაც. EMC აღნიშნულ საქმეში სამართლებრივ დახმარებას უწევდა გარდაცვლილ მიხეილ გამეზარდაშვილის ოჯახს.

 

აფხაზეთის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე

 

სოხუმის ნაწილს, გუდაუთის, ახალი ათონისა და ბიჭვინთის რაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს დილიდან 18:00 საათამდე შეეზღუდა. კომპანია "ჩერნომორენერგოს" განცხადებით, სარემონტო სამუშაოების ჩატარება ქვესადგურ "ბზიფი 220" -ზე ტრანსფორმატორის დაზიანებამ გამოიწვია. ოქტომბრის დასაწყისში ამავე ქვესადგურზე მეხის დაცემის გამო ავტოტრანსფორმატორი "АТ-2", რომლის სიმძლავრე 60 მეგავატია, ავარიულად გაითიშა, რის შედეგადაც გაგრის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.


close დახურვა