საია-ს თავმდჯომარე სულხან სალაძე ფორმულას ეთერში არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.
სალიამ განსაკუთრებით გამოჰყო დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის, ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის, უცხო ქვეყნებში გახსნილ უბნებზე არსებული პრობლემების და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისათვის ხელის შეშლის ფაქტები.
"სამწუხაროდ, რიგ უბნებზე არის მნიშვნელოვანი დარღვევები. ტენდენცია არის საკმაოდ მრავალფეროვანი. დაწყებული დამკვირვებლებისთვის უფლებამოსილების შესრულებაში ხელის შეშლით, დამთავრებული ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლით.
ასევე, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ქვეყნის გარეთ გახსნილ უბნებზე არსებული პრობლემების შესახებ. მათ შორის, რომში გახსნილ უბანთან დაკავშირებით, ჩვენ საჩივარიც დავწერეთ უკვე და წარვადგინეთ ცესკო-ში.
სამწუხაროა, რომ ჩვენს დამკვირვებლებს ექმნებათ უბნებზე პრობლემები, კანონით გარანტირებული მათი უფლებამოსილების შესრულების ნაწილში. რიგ შემთხვევაში, საუბარია დამკვირვებლების უბნებიდან გამოძევებაზე, რიგ შემთხვევაში, საუბარია ტელეფონის ჩამორთმევაზე, გადაღებული მასალის წაშლაზე. ეს ნამდვილად არ მოქმედებს დადებითად საარჩევნო დღეზე და საერთოდ არჩევნებზე", - ამბობს სალაძე.
სალაძე ამბობს, რომ რამდენიმე ოლქში, განსაკუთრებით კი - ქვემო ქართლში, განსაკუთრებით დაძაბული გარემოა. მისი თქმით, ორგანიზაცია დეტალურ ინფორმაციას მომდევნო პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვებს.
"ჩვენთვის მოსალოდნელი იყო და ქვემო ქართლი დაძაბულობის მხრივ გამორჩეულია. მორიგ პრესკონფერენციაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას წარმოვადგენთ.
არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, თითქოსდა, დაკვირვებას აწარმოებენ არჩევნებზე, სინამდვილეში ამ ორგანიზაციების ფუნქცია არის რეალური სადამკვირვებლო ორგანიზაციებისათვის ხელის შეშლა და არა მათი ფუნქციის შესრულება", - ამბობს სალაძე.