logo
ENG



ანაკლიის პორტის გაჩერება ღალატის ტოლფასი იქნება - მამუკა ხაზარაძე

14 ოქტ 201916:05
3 წუთის საკითხავი
 
mpp61jaxqhqyd1k.jpg

ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორების წარდგენის ვადა ხვალ იწურება. მას შემდეგ, რაც ამერიკულმა "კონტი ჯგუფმა" პროექტი დატოვა, ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ამ დროისათვის პროექტის დამფინანსებლად ორი კომპანია - "მერიდიანი" და "ვან დორი" მოიაზრება, თუმცა როგორც ჩანს, მას მესამეც დაემატება. მესამე კომპანიის დასახელებას მამუკა ხაზარაძე ხვალ გეგმავს.

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სახელმწიფო დაუშვებს უზარმაზარ შეცდომას, თუ ამ პროექტს რაიმე ფორმით გააჩერებენ.

„მიუხედავად ამ ზეწოლებისა და მთლიანი სახელმწიფო ორკესტრირებული შემოტევისა, ჩვენ მოვახერხეთ ყველა ფინანსების მობილიზება გაგვეკეთებინა. დანარჩენი არის სულ ბელეტრისტიკა, თუ ამ მიმართულებით წავა ხელისუფლება და შესაბამისად ჩვენ არგუმენტებს და კონკრეტულ პასუხებს გავცემთ ამას. ამის გაჩერება იქნება ღალატის ტოლფასი ჩვენი მომავლის, პერსპექტივის და ჩვენი ქვეყნის მიმართ და ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც მე შეიძლება მოვისმინო, არ ჩაითვლება იმ არგუმენტად, რომელმაც შეიძლება ეს პროექტი გააჩეროს,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორის თქმით, რისკებთან დაკავშირებით, ორი რაუნდი გაიმართა, სადაც თითქმის ყველა საკითხზე პრინციპული შეთანხმება იქნა მიღწეული.

„ამის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედის ყველა ძირითადი ეკონომიკური ბლოკის ყველა მინისტრი, ასევე ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, როდესაც ხვალ არის სამუშაო დღის ბოლომდე დედლაინი ამ ვალდებულების შესრულების. განვმარტავ რა ვალდებულებაზეა საუბარი, 15 ოქტომბერს ინვესტორმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის  მიერ კაპიტალის სრულად შევსებას. ასევე მან უნდა წარმოადგინოს, წინასწარი არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეეხება სასესხო დაფინანსების მოპოვებას ბანკების მხრიდან. რისკებთან დაკავშირებით, ორი რაუნდი გაიმართა, 8 თებერვალს და 21 მაისს, თითქმის ყველა საკითხზე პრინციპული შეთანხმება იქნა მიღწეული, რაც შეეხება თვითნაკადების გარანტიას, რაც იგივე ფინანსური გარანტია, ეს სახელმწიფოსთვის მიუღებელია,“ - განაცხადა დავით ჯავახაძემ.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

2019 წლის 26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაწყებული გამოძიების გამო, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

ანაკლიის პროექტი მსხვილმა ამერიკულმა ინვესტორმა - „კონტი ჯგუფმაც“ დატოვა.

ამ ეტაპზე კონსორციუმი მთავრობასთან ინვესტორებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს.


close დახურვა