ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს და სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.
როგორც ანზორ მელიამ ფორმულას გადაცემაში კომენტარი აღნიშნა, ის აქციებში მანამდე არ მონაწილეობდა, თუმცა მისი შვილის დაკავების შემდეგ, ყველა აქციაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, "არჩევნების გარეშე შეუძლებელია ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს, ხოლო კოალიციური მთავრობა ერთადერთი გამოსავალია, რის შედეგადაც საქართველო აღორძინდება".
"ამაყი ვარ. ნიკა თავის თავზე არ ფიქრობს, ის ყოველთვის ფიქრობს სამშობლოზე და ხვალინდელ დღეზე. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ იმ ციხიდანაც ისეთივე აქტიური იქნება, როგორც აქ ჰყოფნის პერიოდში...
საერთოდ აქციებზე არ დავდიოდი, მაგრამ ნიკას დაჭერის შემდეგ გადავწყვიტე, რომ არ გამოვტოვებ არც ერთ აქციას. მას შემდეგ რაც ამ მთავრობამ იკადრა 23 თებერვალს, არ დამიტოვა შანსი, რომ არ ვიყო ამ პატრიოტ ხალხთან ერთად. მახარებს, რომ მსოფლიოში არ დარჩენილა არც ერთი გამომცემლობა, რომელსაც ნიკასთვის მხარი არ დაეჭირა, ასევე სენატორების და ელჩების მხარდაჭერა იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში გაჩნდა ახალი ეროვნული მოძრაობის ლიდერი, რომელსაც შეუძლია მოიტანოს სიკეთე ქართველი ხალხისთვის.
გაოცებული ვარ, ფილარმონიიდან პარლამენტამდე ფეხით მოვდიოდით და უნდა გენახათ, უცხო ხალხი როგორ მეფერებოდა, როგორ მკოცნიდა და მიხდიდა მადლობას ასეთი ვაჟკაცი შვილის გაზრდისთვის. დღეს ერთ მუშტად შეკრული საქართველო ვნახე, გონს მოეგოს საქართველოს მთავრობა, გაანძრიონ თავი, თუ აქვთ ეს თავი", - განაცხადა ანზორ მელიამ.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა მელიას დასაკავებლად პოლიცია გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში მივიდა, თუმცა ამ საკითხზე გუნდთან უთანხმოების გამო გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ოპერაცია "დროებით" გადადო. გახარიას გადადგომის შემდეგ ოცნებამ პოსტზე ღარიბაშვილი წარადგინა, დამტკიცებიდან მალევე, 23 თებერვალს, სპეცრაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და მელია ძალის გამოყენებით დააკავა. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას კი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.
მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო. ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ. ამის შემდეგ რამდენიმე საათში, პროკურატურამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს, რომ თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, უწყება სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.
პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო მეტად გამწვავევბისა და ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ოპოზიციამ დღეს საპროტესტო აქცია დაგეგმა. ისინი მსველობით მივიდნენ პარლამენტთან და ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ნიკა მელიას მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა. აქციაზე ოპოზიციის გაგმებიც გახდა ცნობილი და წაიკითხეს ნიკა მელიას წერილი ციხიდან.