ანი წითლიძე ამბობს, რომ ზუგდიდში, 21-ე საარჩევნო უბნის აივანზე ამავე უბნის კომისიის თავმჯდომარის, თინა კაკაჩიას ბლოკნოტი იპოვა.
ენმ-ის წევრის თქმით, კაკაჩიას ბლოკნოტში აქვს იმ ადამიანების სია, რომლებიც არჩევნებზე უნდა მოვიდნენ და ხმა ქართულ ოცნებას უნდა მისცენ - კერძოდ, ბლოკნოტში წერია საჯარო მოხელეების სახელები და გვარები პირადობის ნომრებითურთ.
მას შემდეგ, რაც წითლიძემ ბლოკნოტი პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტების თანდასწრებით გაშალა და გადაიკითხა, თინა კაკაჩიამ დაადასტურა, რომ ეს მისი ნივთია და დაბრუნება მოითხოვა. კაკაჩია ამტკიცებს, რომ ბლოკნოტი მას ჩანთაში ჰქონდა, 20 ლართან ერთად და ისინი დაკარგა.
ანი წითლიძე გამოკითხვაზე ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
პოლიციაშია თინა კაკაჩიაც. ის სავარაუდოდ ბლოკნოტის და 20 ლარის მოპარვაზე დაწერს განცხადებას.
"დაგვაკავეს მე და ჩემი წარმომადგენელი უბანზე იმის გამო, რომ არ დავუშვით კარუსელი. იყავით ფხიზლად უბნებზე და იბრძოლეთ! ყველაფერი იქნება მაგრად, მალე შემოგიერთდებით". - დაწერა ანი წითლიძემ ფეისბუქზე.
დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე მიმდინარეობს.