logo
ENG



არ შეიძლება ფული ბეჭდო ​და მეორე მხრივ, რეზერვები დახარჯო - ექსპერტები ლარის გაუფასურებაზე

25 მარ 202017:59
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომიკური ექსპერტები ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას ეხმაურებიან. ისინი ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ რაც ლართან დაკავშირებით ხდება, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

„აქ კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რატომ უფასურდება ლარი ყველა სხვა ქვეყნის ვალუტასთან შედარებით ყველაზე უფრო სწრაფად. ამაშია ხელისუფლების მთავარი კრიტიკა, რომ 8 წლის განმავლობაში ჩვენ რომ გვქონოდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ლარი გაუფასურდებოდა, მაგრამ ამ მასშტაბით არა. ეკონომიკაში არ არსებობს ჯადოსნური ჯოხები რომ უცბად დავარტყათ და ლარი გამყარდეს, ამას სჭირდებოდა წლების განმავლობაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომ ლარი ასეთ კრიზისულ მდგომარეობაში ასეთ არასტაბილურ ვალუტად არ გადაქცეულიყო და როგორც ეკონომიკა იმუნიტეტის გარეშეა ფაქტობრივად დარჩენილი. საბოლოო ჯამში ერთადერთი ჩვენი გამოსავალი ლარის გამყარების არის ამ კრიზისული პერიოდის, 2-3 თვიანი პერიოდის გავლა და მას შემდეგ უკვე რაც დაავადების გავრცელების სიჩქარე იქნება შენელებული და ეკონომიკური აქტივობები დაიწყება, ბუნებრივად მოხდება ლარის გამყარების დაწყება“, - განაცხადა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა.

ეკონომიკური პოლიტიკის ხარვეზებზე საუბრობს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" დამფუძნებელი პაატა შეშელიძეც. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ფულის მასა საგრძნობლად იზრდება, სებ-ის მიერ რეზერვების ხარჯვა შედეგს ვერ გამოიღებს.

„რეზერვის ხარჯვას აქვს მნიშვნელოვანი აზრი. ადამიანების ქონება, მათ შემოსავლები და დანაზოგები უნდა იყოს გადარჩენილი. მაგრამ მას არ ექნება აზრი, თუკი მონეტარული პოლიტიკა გაგრძელდება ისე, როგორც დღეს არის. ფულის მასა იზრდება, ფულს ბეჭდავენ, აძლევენ მთავრობას, რომელიც ფისკალური ვალდებულებების გასასტუმრებლად იყენებს და მეორე მხრივ ხარჯავენ რეზერვს, რაც აბსურდია. მონეტარული პოლიტიკა უნდა იყოს მთლიანად გამოცალკევებული ფისკალურიდან. არ შეიძლება ფული ბეჭდო მისცე მთავრობას რომ დახარჯოს და მეორე მხრივ ხარჯო რეზერვი. თუ ნახავთ ეროვნული ბანკის მონაცემებს, მკვეთრად არის გაზრდილი ფულის მასა, დაახლოებით 300 მილიონით ბოლო ორი კვირის განმავლობაში. დიდი ალბათობით, ეს ხარჯები გამოყენებულია სახელმწიფო ხარჯების გასასტუმრებლად. რეზერვები უნდა დაიხარჯოს, მაგრამ ფულის მასა არ უნდა გაიზარდოს“, - განაცხადა შეშელიძემ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის ღირებულება 3.4576 ლარი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა დღესაც გაუფასურდა. რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებით მცირედით გამყარდა და ამ დროისთვის ევროს ფასი 3.7370 ლარია. კომერციულ ობიექტებში დოლარის ღირებულება 3.50 ლარიდან იწყება და 3.65 ლარამდე მერყეობს. 

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა დღეს ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.


close დახურვა