ჰოლოკოსტის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს შენობასთან ფურცელი მიიტანა წარწერით "არა ძალადობას".
ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წევრებიც ესწრებოდნენ და როგორც დეპუტატმა თქვა, ამ ფორმით მან ელჩებს საკრებულოში მიმდინარე მოვლენები გააცნო.
"დიპლომატიურმა კორპუსმა უნდა იცოდეს, რომ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ლაჩრულად დაესივნენ ლევან ხაბეიშვილს და გაუსწორდნენ ფიზიკურად. გარეთაც პარლამენტის წევრები დგანან და პარლამენტში არ უშვებენ. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ და თვითონ არიან მოძალადეები“, - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.
ფაქტს ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერიც ეხმაურება. ვოლსკი ამბობს, რომ ძალადობის ფაქტები დასაგმობია, თუმცა ხაბეიშვილის საქმესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებს.
„ვერანაირად ვერ გავამართლებ რასაც მუშტი კრივი ჰქვია, რომელი მიმართულებითაც არ უნდა ხდებოდეს. ალბათ იგივე უნდა გაგვეკეთებინა იმ დროს როდესაც ამ შენობაში სასტიკად გაუსწორდნენ დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მაშინ რომ მოეხდინა საზოგადოებას, პოლიტიკურ ჯგუფებს, შესაბამისი შეფასება რომ მიეცათ სამართალდამცავ ორგანოებს. ალბათ ახლა ასეთი რამ არ მოხდებოდა. ხაბეიშვილმაც თავის წვლილი შეიტანა ამაში, იმიტომ რომ ყოველ ზღვარს გადასცდა", - განაცხადა მან.