არასამთავრობო სექტორის ნაწილი საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსს, ნინო კოტარიას დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. საქმე ეხება სოცილურ ქსელში ერთ-ერთი გვერდის მიერ გავრცელებულ ფოტოს, რომელშიც ჩანს, რომ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ერთ-ერთი წევრი, ედუარდ მარიკაშვილი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ თინა ბოკუჩავას ესაუბრება. ფოტოს აღწერაში წერია, რომ მესამე სექტორი რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებით არის დაკომპლექტებული.
თავად მარიკაშვილმა კი გამოაქვეყნა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ იღებს ზემოთ აღნიშნულ ფოტოს ნინო კოტარია და მას ე.წ. ინტერნეტ ბოტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. ფოტოს გადაღებას ადასტურებს კოტარია და ამბობს, რომ მასალა დახურულ ჯგუფში ატვირთა. "კადრებში მე ვარ, ვიდეოებს ვიღებდი და ჩავაგდე ფბ დახურულ ჯგუფში, სადაც დაახლოებით 100 კაცია. თუ ვინმეს აქვს შეხება ამ რაღაც ჯგუფთან, ნამდვილად არ ვიცი,“ - განუცხადა „ფორმულას“ ნინო კოტარიამ.
კოტარიას მიერ გადაღებული მასალა მოგვიანებით ერთ-ერთ პროსახელისუფლებო ყალბ ფეისბუკ გვერდზეც დაიდო. მომხდარს სოციალურ ქსელში თავად თინა ბოკუჩავაც გამოეხმაურა და პროკურატურის პრესსამსახურს სამთავრობო ტროლი უწოდა.