აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ქმარმა არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის ტარება აღიარა. 82 წლის პოლ პელოსის ხუთდღიანი პატიმრობა და სამი წლით პირობითი მიუსაჯეს, ასევე გამოსასწორებელი სამუშაოები და ჯარიმა დააკისრეს.
ამასთან, მოსამართლემ აღნიშნა, რომ ორი დღე პოლ პელოსიმ უკვე გაატარა ციხეში და კიდევ ორი დღე კარგი ქცევისთვის ჩამოეწერება. დარჩენილ ერთ დღეს ის გამოსასწორებელ სამუშაოებზე გაატარებს.
პირობითი მსჯავრის განმავლობაში პელოსი ვალდებული იქნება დაესწროს სამთვიან კურსს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვის შესახებ, ამასთან, დააყენოს ჩამკეტი, რომლის დროსაც მანქანის დაქოქვამდე ვალდებული იქნება ჩასუნთქვით ალკოტესტი გააკეთოს. რაც შეეხება ჯარიმას, ის 7 000 დოლარს შეადგენს.
პოლ პელოსი 28 მაისს ავარიის შემდეგ სან-ფრანცისკოს სიახლოვეს დააკავეს. მას სისხლში ალკოჰოლი აღმოაჩნდა. მეორე მანქანის მძღოლის ტრავმების გამო პროკურატურამ საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით აღძრა. დაკავების შემდეგ პელოსი 5 000 დოლარის ოდენობის გირაოთი გაათავისუფლეს. იმ დროისთვის სპიკერი ნენსი პელოსი როდ აილენდში იმყოფებოდა, რათა ბრაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსულიყო. მის ოფისში კომენტარებისგან თავი შეიკავეს.